ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

წვრილმან ხულიგნობაზე სანქციები მკაცრდება – ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში

დღეს, 26 აპრილს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ვინაიდან წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან ამ პირის შეურაცხყოფის სამართალდარღვევები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელება.

"კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნება პროპორციული მიდგომა ამ სამართალდარღვევების ჩადენის მიმართ". – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის შეურაცხყოფა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

დღესვე კომიტეტის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ინიციატივა უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ვინაიდან ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლოში წარდგენამდე, დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და, ამდენად, თანასწორ მოპყრობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირთა ჯგუფების მიმართ".– განაცხადა ოხანაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები