წვრილმანი ხულიგნობა

ISFED სანქციების გამკაცრებაზე: ამ ნორმებს ხშირად რეპრესიულ მექანიზმად იყენებენ

შალიკა სტუდიო

სამართლიანი არჩევნები (ISFED) ეხმაურება პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობის ზომებს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. 

როგორც ISFED-ი განმარტავს, ამ ნორმებს ხშირ შემთხვევაში რეპრესიულ მექანიზმად იყენებენ მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. 

"რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ, როდესაც Covid-19-ის პანდემიის გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობასა და ინკლუზიურობას გამორიცხავდა. 

სამოქალაქო საზოგადოება, უკვე დიდი ხანია, ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმით და მით უფრო შინაარსით ვერ პასუხობს ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტებს.

საჭიროა გამჭვირვალე რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით ჩატარდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამედროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს". – წერია ISFED-ის განცხადებაში. 


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები მბობენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა" და რომ ისინი "იმედგაცრუებულები არიან" ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

კომენტარები