კომენდანტის საათი

"ვნახოთ, ეპიდსიტუაცია გვიჩვენებს" – იმნაძე კითხვაზე, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი

"ვნახოთ, ეპიდსიტუაცია გვიჩვენებს, ციფრებმა უნდა გვაჩვენოს ეს".– ასე პასუხობს NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვას, როდის ვარაუდობს კომენდანტის საათის მოხსნას. მისი მტკიცებით, დღევანდელი 1 500 შემთხვევა რომ უკვე არ არის 3 000, "ამის გამჩერებელი" სწორედ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაა.

"ერთადერთი რეგულაციაა, რომელიც მოქმედებს, ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, გერმანია რომ გერმანიაა, არასდროს ჰქონიათ კომენდანტის საათი და დააწესეს, მართლა მთვარეზე ხომ არ ვცხოვრობთ, დედამიწაზე ხომ ვართ". – ამბობს იმნაძე TV ფორმულას ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, რომ საქართველოში კომენდანტის საათი უკვე დიდი ხანია, გრძელდება, NCDC-ის დირექტორის მოადგილე პასუხობს - "მაგან მოგცა საშუალება, რომ ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში და მარტო კომენდანტის საათით დაგვეჭირა სიტუაცია ისე, რომ არ იყოს კატასტროფული მატება ქვეყანაში".

კომენდანტის საათი საქართველოში ნოემბრიდან მოქმედებს.

კომენტარები