საქართველოს საპატრიარქო

"დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა" – კუჭავა ილია II-ს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, კახა კუჭავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. 

"შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა". – წერია განცხადებაში.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ქართული ოცნება პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენა. ამის მიზეზად თალაკვაძემ თქვა, რომ ახალი კანდიდატი პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება, ვინაიდან თავად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებების პერიოდში ირაკლი კობახიძესთან ერთად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, კახა კუჭავაც მნიშვნელოვნად იყო ჩართული პარტიის სახელით მოლაპარაკებების პროცესში, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.  

კომენტარები