ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართული ოცნება კახა კუჭავას წარადგენს

დღეს, 24 აპრილს, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი მმართველი პარტია პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენს.

ირაკლი კობახიძის თქმით, კუჭავას აქვს ის გამოცდილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპიკერის ფუნქციების სათანადოდ განხორციელებისთვის.

"მინდა გაცნობოთ ქართული ოცნების სახელით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. კახას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამორჩეული გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის 25 ივნისს აირჩიეს. მისი თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი კობახიძე სპიკერის პოსტიდან 21 ივნისს გადადგა. მის გადადგომას ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო.

 

კომენტარები