პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: პარლამენტის სპიკერის პოზიციას ვტოვებ, ჩემი ადგილი დარბაზშია

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ქართული ოცნება პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენს. თალაკვაძე ამბობს, რომ მისი ადგილი დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.

თალაკვაძის თქმით, თანამდებობაზე  წარდგენილია ისეთი ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება.

"მინდა გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტიას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის  სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინო ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ როტაცია, ახლა, როცა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები გვყავს, ვთვლი, რომ  ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე". - ამბობს თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის 25 ივნისს აირჩიეს. მისი თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი კობახიძე სპიკერის პოსტიდან 21 ივნისს გადადგა. მის გადადგომას ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო.

კომენტარები