პოლიტიკური კრიზისი

სააკაშვილი: ნორმალიზაციისთვის საჭიროა, თავისუფლად ჩამოსვლის საშუალება მომეცეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც, მისი აზრით, კრიზისის გადასაჭრელად არის საჭირო. სააკაშვილის თქმით, საჭიროა, გათავისუფლდეს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, შეწყდეს ადამიანების პოლიტიკური დევნა და მას მიეცეს ქვეყანაში თავისუფლად ჩამოსვლის საშუალება. თუმცა, ექსპრეზიდენტი იქვე ამტკიცებს, რომ საქართველოში "ყველა შემთხვევაში" ჩამოვა.

"პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კრიზისი არ არის გადალახული ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია, ენმ-ის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი, ბოლომდე დასაბუთებული. მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მათ შორის, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის დევნის ობიექტი მრავალი წლის განმავლობაში. მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე, ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. 

სრული ნორმალიზაციისთვის არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ხალხს გვერდით". – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი პარტიებს მოუწოდებს, დადგნენ "ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა"  და არ ჩათვალონ, რომ ის თუ არ ჩამოდის ქვეყანაში "ეს აადვილებს სიტუაციას".  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

ოპოზიციის ის წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში მივიდნენ და რეგისტრაცია გაიარეს, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალოს. მათი მისვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტებმა აცია გამართეს - "არა ჯალათების ამნისტიას". 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში კი ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები. 

გუშინ, 26 აპრილს, ნიკა მელიამ მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

კომენტარები