პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე ამნისტიაზე: არ მივიღებთ, თუ 20 ივნისის დამნაშავეებს პასუხისმგებლობა მოეხსნებათ

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღეს, 27 აპრილს, ოპოზიცია პარლამენტში ამნისტიის კანონს მხარს არ დაუჭერს, თუ ის შეიძლება შეიცავდეს 20 ივნისის შესაძლო დამნაშავეების პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. 

მისივე თქმით, ის მიესალმება მელიას გადაწყვეტილებას, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მექანიზმი ამუშავდება და მელია საპატიმროს დატოვებს. 

"დღეს უნდა განთავისუფლდეს რურუა, ჩვენ შემოვედით დღეს პარლამენტში იმისთვის, რომ დავრეგისტრირდეთ და გამოვიყვანოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ გამოვიყვანოთ მეორე ადამიანი ასევე ციხიდან. 

ამნისტიის კანონს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს, თუ ის შეიძლება შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს იმისას, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ესეთ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ.

კარგია, რომ მელია თანახმაა, გამოყენებული იქნას ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება, მე მივესალმები მის გადაწყვეტილებას და იმედია, ეს მექანიზმი ამოქმედდება და ნიკა გამოვა". –  ამბობს ჯაფარიძე. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები დღეს, 27 აპრილს პარლამენტში შედიან. ისინი 20 ივნისის დაზარალებულებთან შეხვედრას  გამართავენ და ამის შემდეგ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტთან ამ წუთებში აქტივისტები არიან შეკრებილები და მოითხოვენ, ოპოზიციის წევრებმა არ დაუშვან ამნისტიის კანონის ინიცირება. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები