ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ის სერბეთის სახელით ასპარეზობს

სერბეთის სახელით მოასპარეზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელარუსი კირილ მასკევიჩი იქნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ზურა დათუნაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო. ფინალური შეხვედრა ხვალ, 24 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი 5-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

კომენტარები