პოლიტიკური კრიზისი

"არა 20 ივნისის ამნისტიას!" – 25 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

25 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება სახელწოდებით – არა 20 ივნისის ამნისტიას! აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან. ორგანიზატორების ცნობით, 2019 წლის 19-21 ივნისს მომხდარ მოვლენებზე ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა იქნება. 

"19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა, შესაძლოა, ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულიად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

სრულიად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით". – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები