პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: შეთანხმების შესრულებას ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებას ევროპარლამენტარები გააკონტროლებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

"ისინი სრულად მხარს უჭერენ შეთანხმებას და მიაჩნიათ, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომ ჩვენ გადავდგათ დიდი ნაბიჯი ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში. მათი მხრიდან იქნება მონიტორინგი, ამ შეთანხმების სრულად განხორციელებაზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისინი შექმნიან დამკვირვებლების ჯგუფს ევროპარლამენტში, რომელიც გააკონტროლებს, თუ როგორ სრულდება დოკუმენტი".- ამბობს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის დასაწყნარებლად აუცილებელია, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვოს, ამიტომ ლელომ ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ ისინი მელიას თავდებში დაუდგნენ

"ასეთი რამე გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ეს არის გამოსავალი იმ თვალსაზრისით, რომ არ მოითხოვს გირაოს გადახდას და თავდები პირები დგებიან იმის გარანტორებად, რომ მელია გამოცხადდება სასამართლოში, არ გაექცევა მართლმსაჯულებას და ამაზე თავდებობას იღებენ. ეს იდეა იქნა მხარდაჭერილი, უკვე სამი ევროპარლამენტარის მიერ, მათ გვთხოვეს დრო, რომ კიდევ მეტი პარლამენტარი შემოუერთდეს ამ პროცესში. ველოდებით მათ".- ამბობს ბადრი ჯაფარიძე თუმცა ევროპარლამენტარების ვინაობას არ აკონკრეტებს. 

მისივე თქმით,  შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებას ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე გაუწევენ მონიტორინგს. 

"შეიძლება ეს იყოს მეტი, ვიდრე ხუთი კაცი. ვიოლა ფონ კრამონმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იყოს მუდმივად ორიენტირებული და ჩართული ამ პროცესში, რაც შეეხება ხელშეკრულების განხორციელებას. ბატონი კუბილიუსი, ქალბატონი რასა და ასევე სხვებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპარლამენტისთვის და ევროკავშირისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად განხორციელდეს".- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ, 21 აპრილს გაემგზავრნენ. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორე მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

კომენტარები