პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: 20 ივნისი ვინმეს პარტიული ინტერესების გამო არ უნდა ჩავრეცხოთ

ფაქტია, რომ 20 ივნისი თავისი ანტისაოკუპაციო შინაარსით, ძალადობრივი ფორმით უმძიმესი დღეა ჩვენს ისტორიაში და ასეთად დარჩება. ამ დღის მიმართ სწორი გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ და არა ჩავრეცხოთ ვინმეს პარტიული ინტერესების გამო. 

ეს არის პრინციპული საკითხი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ხელმოწერამდე განსაზღვრულიყო, რომ ეს არ შეეხება მოძალადე პოლიციელებს. ზოგადად, ეროვნული თანხმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეროვნული თანხმობა უნდა გულისხმობდეს ზოგადად, თამაშის წესების შეცვლას და არა რაღაც ქართული ოცნებისთვის სასურველი ფურცლის დახურვას. ეს პროცესი ახლა ასე გამოიყურება და მე იმედი მაქვს, რომ ხელმომწერი ოპოზიციონერები იბრძოლებენ, რომ ეს ასე არ მოხდეს...

ამბობს მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და ქართული ოცნების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

კომენტარები