20 ივნისი

პაპუაშვილი: ამნისტიის კანონი 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება

"რა თქმა უნდა, შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს". - ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას, შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი პოლიციელებს. 

ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ სამშაბათს, 27 აპრილს, პარლამენტში ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებენ და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს ამის შემდეგ დატოვებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ  მელიას "ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, ვიდრე სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული".   

რაც შეეხება გიორგი რურუას, ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მას სალომე ზურაბიშვილი 27 აპრილს შეუწყალებს. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. 

ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები