პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები, უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრისა და მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და შემდეგ მანდატით სარგებლობა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე კონსულტაციებს ოპოზიციასთან გადის.  

"დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები, პარტიიდან წამოსვლა ნიშნავს სიიდან წამოსვლას. უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა. ახლა კონსულტაციებს გავდივარ ოპოზიციასთან და ზოგადად დამოკიდებულებას მერე ვიტყვი". – თქვა ხოშტარიამ ინტერპრესნიუსთან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. 

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები