პოლიტიკური კრიზისი

ოქრიაშვილი: საიდან მოვიდა ეს 40%? ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48% ან 60%

პარტია პროგრესის და თავისუფლების ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, რომელიც ამბობს, რომ  ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს. ოქრიაშვილის თქმით, ეს რიცხვი უნდა იყოს 48% ან 60%.

"საიდან მოვიდა ეს 40%? ალბათ იმიტომ, რომ სწორედ 38-40 % მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და გამოვთქვამ სერიოზულ ეჭვს, რომ დანარჩენი პროცენტები უბრალოდ მიიწერეს. ამგვარი გარიგება რომც შემოგვთავაზონ, ლოგიკა ითხოვს იმის ახსნას, რას ეფუძნება შემოთავაზებული რიცხვი. ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48%, რომელიც, როგორც შედეგი, 2020 წლის არჩევნებზე აჩვენეს, ან 60%, რადგან 150 დეპუტატიდან მათ 90 მანდატი, ანუ სრული შემადგენლობის 60% „მოიპოვეს“.  

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, უნდა ჩატარდეს პლებისციტი, დამატებითი ბიულეტენით და ერთი კითხვით - სურს თუ არა ჩვენს მოსახლეობას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“. - ამბობს კახა ოქრიაშვილი    

პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

 
 

კომენტარები