კორონავირუსი საქართველოში

TDI: მთავრობა ინდოეთიდან შემოსულებს მკაცრ, დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს

South China Morning Post

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმაურება მთავრობის N322 დადგენილებით გათვალისწინებულ ახალ შეზღუდვებს, რომელიც 15 აპრილიდან ამოქმედდა. TDI-ის ცნობით, ამ შეზღუდვების მიხედვით, ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებსა და ინდოელ სტუდენტებს განსხვავებული პირობები ექმნებათ:

  • ინდოეთის რესპუბლიკიდან შემოსული ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მოქალაქეობისა და იმისა, აქვს თუ არა ჩატარებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის სრული კურსი, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული უნდა ჰქონდეს PCR-ტესტი, რომელსაც წარადგენს საზღვარზე, რის შემდეგაც ის გადადის 14-დღიან კარანტინში, საკუთარი ხარჯით. იგივე ვრცელდება სტუდენტებზეც;
  • ამავდროულად, ცვლილებების მიხედვით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტები საქართველოში შემოვლენ მხოლოდ ჩარტერული რეისებით. 

TDI-ის ცნობით, ჯერ კიდევ 13 აპრილს N322 დადგენილებაში ასევე შესული იყო ცვლილებები ინდოეთიდან მომავალ პირებსა და სტუდენტებზე, თუმცა, ანალოგიურ შემთხვევებზე რეგულაციები უკავშირდებოდა მხოლოდ 3-დღიან თვითიზოლაციას. 

"ასეთი რეალობის წინაშე საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტები უკვე აღმოჩნდნენ. ახალი რეგულაციების შესახებ 14 აპრილს, გამომგზავრებამდე მათ არაფერი იცოდნენ. თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარა. ევრონიუსის ცნობით, მათგან 150 სტუდენტს AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ. დამატებითი ხარჯის სახით, თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის დაფარვა უწევთ საშუალოდ, რისი მატერიალური შესაძლებლობაც მათ ოჯახებს არ გააჩნიათ. 

ინდოეთიდან მომავალი პირების, მათ შორის, სტუდენტების 14-დღიან კარანტინში მოთავსება და მხოლოდ ჩარტერული რეისით შემოსვლის უფლება შესაძლოა, განხილული იყოს დისკრიმინაციად ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,  არაპირდაპირი, ანუ ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ზღუდავს პირის უფლებას, რომელიმე ნიშნის გამო, როდესაც ასეთ შეზღუდვას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ან უფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული საშუალება არ არის თანაზომიერი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. 

შესაბამისად, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კოვიდპანდემიის პირობებში, უცხოელი სტუდენტები, განსაკუთრებით კი ინდოეთის მოქალაქეები, წააწყდნენ რიგ პრობლემებს სწავლის პროცესთან დაკავშირებით. სტუდენტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების გამო და მათ ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება. გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს. თუმცა, შემდგომში, კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისიწნებით. მაგრამ სტუდენტების დიდ ნაწილს, საკუთარ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების, ფინანსური პრობლემების და საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული არაერთი გაურკვევლობის გამო, არ შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება. შედეგად, ისინი სასწავლო პროცესსაც ჩამორჩნენ. იმ პირობებში, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები უამრავ დაბრკოლებას ისედაც აწყდებიან როგორც საქართველოში შემოსვლის მხრივ, ისე საქართველოში სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისას, აღნიშნული დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით". – წერია TDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები