აქტივისტების დაკავება

პოლიციელის მხრიდან მუმლაძეზე სავარაუდო ძალადობაზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გიორგი მუმლაძე
FACEBOOK

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. 

"საგამოძიებო დეპარტამენტმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია ,,ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ [გიორგი მუმლაძემ] პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები