აშშ-რუსეთი

კრემლი: ბაიდენის და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ჯერ ნაადრევია ამ შეხვედრაზე საუბარი. ეს ახალი შემოთავაზებაა და მას შევისწავლით, ჩატარდება ანალიზი. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ასეთი შეხვედრის თემა შემდგომში დიპლომატიური არხებით განიხილება". - თქვა პესკოვმა პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი იყო.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის გუშინ, 13 აპრილს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე არსებული საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან " უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ.

საუბრისას ლიდერებმა განიხილეს გლობალური და რეგიონალური საკითხები, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის მისწრაფება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის რეჟიმში იმუშაონ და ითანამშრომლონ იარაღის კონტროლთან და უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა. რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

კომენტარები