ოჯახში ძალადობა

მაყაშვილი ზანგურზე: დაჭერა არ მინდა, ვთვლი, რომ ყველას ხმა ვარ, ვინც ძალადობაზე ვერ ამბობს

ნინუცა მაყაშვილი
კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ ის ჩივილს არ აპირებს. 

"ეს ყველაფერი გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში. ზოგადად ასეთი ფაქტი არ მაქვს, იმიტომ, რომ 11 წელი გავიდა. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ჩემს გარშემო არიან და ნანახი ვყავარ მსგავს მდგომარეობაში, ჩემს გვერდით დადგებიან. მე არაფერი არ მაქვს დამამტკიცებელი საბუთი, ჩემი სიტყვის და ჩემი ისტორიის გარდა. ეს არ ყოფილა მიზანმიმართული არც შურისძიებისკენ ან რამე ფულადი ანაზღაურებისკენ. მაქვს ხელფასი, არაჩვეულებრივი სამსახური მაქვს და სანამ ორი ფეხი და ხელი მაქვს, ვიმუშავებ... ჩემი მიზანი არ არის მისი დაჭერა, 5 შვილი ჰყავს, 3 მათგანთან ცხოვრობს. არანაირი სურვილი არ მაქვს რომ იმ ბავშვებმა სტრესში გაიარონ. მე ჩემს შვილსაც მაქსიმალურად ავარიდე ეს ყველაფერი". - ამბობს მაყაშვილი TV პირველთან ინტერვიუში. 

მაყაშვილი ეხმიანება რუსთაველის თეატრის რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას Facebook პოსტს, სადაც სტურუა, ბესო ზანგურს მხარს უჭერს. 

"მე ასე ჩავთვალე, რომ ვიყავი მათი ხმა. ყველა იმ ადამიანის ხმა, რომელიც ვერ ბედავს ამაზე საუბარს. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და არა ის, რომ რამე ფულადი კომპენსაცია მიმეღო. რა სისულელეა, ძალიან სასაცილოა ეს კომენტარი. ან ის რომ სადმე პარფიუმერიაში ან კლუბებში ვხარჯავ, ესეც ძალიან სასაცილოა". - ამბობს მაყაშვილი და აღნიშნავს, არც ელოდა რომ სტურუას "ადეკვატური" რეაქცია ექნებოდა. 

"ვიცნობ, ვიცი, როგორი ადამიანიც არის, ვიცი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ბესოს მიმართ. შესაბამისად, მე ძალიან ხშირი შეხება მქონდა, თეატრშიც ვმუშაობდი და მას შემდეგ რაც მეც და სხვა ძალიან ბევრი ადამიანი თეატრიდან უსამართლოდ გამოუშვეს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მაშინ დედაჩემი მაქსიმალურად ავარიდე ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან, იმიტომ, რომ უნდოდა სასამართლოში ეჩივლა, იმიტომ, რომ ნამდვილად უსამართლო ფაქტი მოხდა. მას შემდეგ მე აღარაფერი აღარ მიკვირს". - ამბობს მსახიობი. 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

კომენტარები