ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნის კოლონიაში იძულებით კვებით ემუქრებიან

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიის სამედიცინო ნაწილიდან კოლონიის ძირითად ნაწილში გადაიყვანეს. კოლონიის ადმინისტრაცია მას იძულებით კვებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა. ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა 31 მარტს დაიწყო.

"ხედავენ რა შიმშილობის სერიოზულობას, ადმინისტრაცია ყოველდღიურად ემუქრება, რომ დაიწყებს იძულებით კვებას. ამასთანავე, ნალანი კვლავ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილიდან [ძირითად] ნაწილში. ექიმს მასთან ამ დრომდე არ უშვებენ". - ნათქვამია Twitter-ის პოსტში.

კოლონიაში მიყვანის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ წონაში 15 კილოგრამი დაიკლო, მისი წონა ახლა 77 კილოგრამია.

ნავალნიმ შიმშილობა მასთან ექიმის დაშვების მოთხოვნით დაიწყო. პოლიტიკოსის მთავარი ჩივილი ზურგის ძლიერი ტკივილი და ფეხში შეგრძნების დაკარგვა იყო. ის ჰყვებოდა, რომ მას არ აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და დაიჩივლა "უძილობით წამებაზე". კოლონიაში ნავალნი შეფასებულია, როგორც გაქცევის მაღალი რისკის მქონე პატიმარი, ნავალნის თანახმად, მას ყოველ ღამე კოლონიის თანამშრომლები აღვიძებენ და ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევენ.

გასულ კვირას ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვის ამბობდა, რომ  მკურნალობა, რომელიც ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაუნიშნეს "არაეფექტიანია და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს". კოლონიის ექიმებმა ალექსეი ნავალნის შეატყობინეს, რომ მას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ხერხემალზე ორი თიაქარი გამოუვლინდა.

ადამიანის უფლებათადაცვის საერთაშორისო ჯგუფში Amnesty International-ში თანახმად, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, ნელა მისი სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები