უკრაინა-საქართველო

ბოკერია: მორალურ ვალდებულებასთან ერთად, ეროვნული ინტერესია, უკრაინას მხარი დავუჭიროთ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტოომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებას ეხმაურება. ბოკერია ამბობს, რომ მორალურ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭიროს. 

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა წლებია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ  ატარებს პოლიტიკას, რომ ქვეყნის საკითხი დღის წესრიგში აქტიურად არ იდგეს, რათა საქართველოს პრობლემებთან - სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთზე წნეხი შემცირდეს ან გაქრეს.

"ამ საბაბით და მიზეზით არ რეაგირებს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს ამას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომ "არ გააღიზიანოს". რეალობა სულ სხვა რამეშია - რეალობა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესია, არა მარტო მორალური ვალდებულება, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ, როგორც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი პოლიტიკოსები. პრაგმატული ინტერესია, რომ  საქართველოს საკითხი, ჩვენ წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის საკითხი იდგეს ფართო კონტექსტში - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და, მთლიანად, ფართო სამყაროს წინააღმდეგ პუტინის რუსეთის საფრთხის კონტექსტში, იმიტომ, რომ ეს გვიზრდის ჩვენ დაცულობას და შესაძლებლობებს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და, საბოლოო ჯამში, ოკუპაციის პრობლემაც გადავჭრათ. 

სრულიად პირიქით არის საკითხი - "ჩაწოლა", ამ შემთხვევაში, პრაგმატულად გვაზიანებს, ყველას უნდა გვესმოდეს, პუტინის რუსეთს აქვს ამოცანა მისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს, უკრაინის და სხვების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განადგურების, რათა თავისუფალი სამყარო შეავიწროვოს და თავისი პოზიციები გააძლიეროს. ჩვენი ინტერესია, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და ყველა სხვა ამბების დროს ჩვენი საკითხიც იდგეს დღის წესრიგში, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა პირიქით. თან, მორალურად ეს ყველაფერი სირცხვილია". – ამბობს გიგა ბოკერია.  

ტოომას ჰეენდრიკ ილვესი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხმის ამოუღებლობაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის, კომენტარს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.  

"როდესაც 2008-ში საქართველოს [რუსეთი] დაესხა თავს, მე უბრალოდ კომენტარი კი არ გავაკეთე, მიმდინარე ომის პერიოდში [საქართველოში] ჩავფრინდი. მეც გაკვირვებული ვარ. რატომ უნდა ელოდო, რომ რუსეთის მიერ შენი ქვეყნის ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს [უკრაინას] ემუქრებიან". – დაწერა ილვესმა. 


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

კომენტარები