ქვეყნის განვითარების გეგმა

ჯაფარიძე: მეცინება ადამიანებზე, ვისაც აქვთ ამბიცია, ქვეყნის ეკონომიკა 5-10 წლით დაგეგმონ

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

"მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, დაგეგმონ ქვეყნის ეკონომიკა 5 წლით ან 10 წლით". - ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უწყებათშორისი საბჭოს შექმნას, რომელმაც ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს. 

"ეს, ზოგადად, სისულელეა. ჩვეულებრივი პიარია, იმის გამო, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ქვეყანაში ძირითადი პრობლემები ეკონომიკური შინაარსისაა და, მათ შორის, ბოლო IRI-ის კვლევაშიც ტოპ 5 პრობლემიდან 4 არის ეკონომიკური ხასიათის პრობლემა და ყველა კვლევაში ეს ასე ამოდის ხოლმე, ამ ტიპის გამოწვევებზე რეალურად პასუხის გაცემის უნარი ხელისუფლებას არ აქვს და, კონკრეტულად, ღარიბაშვილს არ აქვს არანაირი ამისი უნარი. ხელისუფლება, ბოლო წლებია, ისედაც გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზე და როცა ძალაუფლების შენარჩუნება გაქვს მიზნად, სხვანაირად ოპერირებ, მართლა რეფორმების გატარება და ქვეყნის გადარჩენა რომ გინდა - სხვანაირად. ამიტომ, შანსი არ აქვთ, რომ რამე გააკეთონ. 

ერთადერთი, რაც შეიძლება გადმოაგდონ არის ასეთი სისულელე. საკუთარ ამომრჩეველს უგდებენ, რომ უწყებათაშორის საბჭოს შევქმნით, რომელიც მიხედავს ეკონომიკურ პრობლემებს. მე, ზოგადად, არ მჯერა არც სტრატეგიული დოკუმენტების, ეგეთი გეგმების. საერთოდ, არ მჯერა და მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ დაგეგმონ ქვეყნის ეკონომიკა 5 წლით ან 10 წლით. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო - გენიალურია მაგ თვალსაზრისით". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე TV პირველთან.   

უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ მთავრობის პრესსამსახურმა ინფორმაცია დღეს, 6 აპრილს გაავრცელა. განცხადების მიხედვით, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. მათივე ინფორმაციით, დადგენილებას ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ  ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

კომენტარები