ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

შსს ვლადიმირ პოზნერის ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბჭოთა პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს. 

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა". - წერს შსს. 

 პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არც ის და არც მისი მეგობრები არავის დაუჯარიმებია. 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები