ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

წილოსანი პოზნერის ვიზიტზე: უმრავლესობის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო

ნინო წილოსანი

"უმრავლესობის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის გამო გუშინ, 31 მარტს გამართულ აქციას.

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ცოტა სხვანაირი გზებით და მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ და არა ისე, როგორც გუშინ. მთავრია, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და, რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს. 

ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით სრულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით, თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსეთზე გადაცემით და უამრავი სხვა ფაქტორი, რომელიც მარწმუნებს იმაში, რომ  უმრავლესობა მათგანის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი და მისია ოკუპაციის დამარცხებისას არის ის, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანა და, რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა იყოს". - ამბობს წილოსანი.  

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით, რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროცესი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. მათ ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები