ჭყონდიდის ეპარქია

მამხილებელ კადრებზე მოსაუბრე მღვდელი ამბობს, რომ "ეს საეკლესიო ფორმატშია სალაპარაკო"

იღუმენი დანიელ გვილავა

მარტვილის სალხინოს ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა, რომელიც ჭყონდიდის საეპარქიო სხდომაზე კამათისას მამხილებელ კადრებს ახსენებდა და ამბობდა, რომ მათ მიტროპოლიტ სტეფანეს აჩვენებდა, ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს "ტელეფონში და ჟურნალისტებთან" სასაუბრო თემა არ არის და ის "საეკლესიო ფორმატში" უნდა განიხილონ.

ეპარქიის სხდომის ჩანაწერის გამოქვეყნებამდე, ჭყონდიდის ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომ არაერთი სასულიერო პირი პატრიარქის ბრალეულობის შესახებ "ვიდეოებს ატრიალებს", რომელიც მისი წინამორბედის, პეტრე ცაავას მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხება. მიტროპოლიტმა პეტრემ ილია მეორეს "პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

ტაბულამ მამა დანიელს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რა "ვიდეოების ტრიალზე" საუბრობდა მიტროპოლიტი სტეფანე და რა კადრებს ახსენებდა თავად ეპარქიის სხდომაზე. იღუმენმა ჩვენთან საუბრისას კადრების არსებობა არ უარყო.

"ეგ საეკლესიო ფორმატში სალაპარაკო თემაა და ტელეფონში და ჟურნალისტებთან სალაპარაკო თემა არაა". – უთხრა ტაბულას იღუმენმა დანიელმა.

ტაბულამ მას შეახსენა, რომ მასალა, რომელიც მის ციტატებს ასახავს, თავად საპატრიარქომ გამოაქვეყნა. 

"გამოაქვეყნა და ეგ თავიანთი დანაშაული იყო, ამ თემაზე ვერ დაგელაპარაკებით. აუ, ახლა ერთხელ რომ გეტყვით, გასაგები იქნეს. მაგი საეკლესიო ფორმატში სალაპარაკო თემაა და არ არის საჟურნალისტო". – ეუბნება ტაბულას მღვდელი დანიელი.

 

კომენტარები