პოლიტიკური კრიზისი

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.

კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები