პოლიტიკური კრიზისი

GDI: რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუმცა წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა

"დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია და უნდა შეეხოს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას". – თქვა ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამას წინ საარჩევნო რეფორმის ცვლილება უნდა უძღოდეს. 

"იყო საუბარი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე და რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური და მრავალმხრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას. მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც შევედით და იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებას ამ ბოლო არჩევნების მიმართ ნდობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ანუ მორიგი არჩევნები. თუმცა ხაზს ვუსვამ, ამ არჩევნებს წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას". - ამბობს წულუკიძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები