პოლიტიკური კრიზისი

საია: პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რომ რეფორმები შესრულდეს

https://1tv.ge/

"დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ გარკვეულ კომპრომისებს და ამ კომპრომისებს უნდა მოჰყვეს შედეგად კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები". - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ .

"ჩვენ გავავრცელეთ განცხადება გუშინ და ამ განცხადებასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს. მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ამ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლამდე. პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ დაწყებულა ამ არჩევნების შემდეგ, მანამდეც იყო. პოლიტიკური კრიზისი არის იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ამ დემოკრატიული ინსტიტუციების დამოუკიდებლობისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და შემდგომ ვისაუბრებთ უკვე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დღეების განმავლობაში ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებთან დაკავშირებით, რადგან კომპრომისების გარეშე ვერ შედგება კონსენსუსი და ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად". - ამბობს სიმონიშვილი. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა ძირეული რეფორმების განხორციელებაზე, ოპოზიცია კი ამ რეფორმების სისრულეში მოსაყვანად პარლამენტში უნდა შევიდეს. 

"პროცედურულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით რომ რეფორმები განხორციელდეს, ძირეულ რეფორმებზეა საუბარი და არა ისეთ რეფორმებზე, რომელიც, მაგალითად, ხვალ იხილება პარლამენტში, ეს არ არის საკმარისი ცვლილება, უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ აიღოს ამ რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა, ოპოზიცია კი უნდა შევიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ერთია, რომ ცვლილებები განხორციელდეს და მეორე არის, რომ მათი სრული იმპლემენტაცია მოხდეს და აქაც ოპოზიციის მონაწილეობა არის აუცილებელი, რადგან, როდესაც ვსაუბრობთ, იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კონსესუსზე დაფუძნებით მიღებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ოპოზიცია ამ საკითხებში მონაწილეობდეს. 

პირველი ნაბიჯი რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ეს ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარ თავზე და შემდგომ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესებში". - ამბობს სიმონიშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები