პოლიტიკური კრიზისი

​ნულოვანი ჯამის თამაში უნდა შეიცვალოს – NGO-ები პოლიტიკოსებს გამოსავლის ხედვას სთავაზობენ

EU Delegation Georgia

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის ხედვასა და 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩოდოკუმენტს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას:

  1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
  2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
  3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში; 
  4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;  
  5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
  6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.

"ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო თვეებში ქვეყანაში თქვენი მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან. საქართველოსკენ მომართულია საერთაშორისო ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ქვეყნის მთავარი პარტნიორები, ევროკავშირისა და აშშ-ს სახით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის ძალისხმევას არ ზოგავენ. ამავდროულად ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს. ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები. პოლიტიკური კრიზისი, მართალია, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის გულისხმობს შესაძლებლობასაც, მკაფიოდ დავინახოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დავიწყოთ მუშაობა მათი აღმოფხვრისთვის.

ჩვენთვის, ნათელია, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა არსებულმა მმართველობითმა სისტემამ მოიყვანა, რომელიც, 30 წელია, ყველა მმართველ გუნდს ფაქტობრივად უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას ანიჭებს. თამაშის ერთადერთი წესი – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყოვლისშემძლე უმრავლესობას ოპოზიციის უგულვებელყოფის შესაძლებლობას აძლევს. არჩევნებში დამარცხებული პარტია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სისტემა ძალაუფლების განაწილების პრინციპში ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა". – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში განცხადებაში. 

მიმართვის ავტორები არიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ლიბერალური აკადემია თბილისი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვა. 

კომენტარები