კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 490 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 35 560 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 219 პირი. ჩატარდა 35 560 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.77%.

ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

27 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 279 936 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა  271 804 პაციენტი. გარდაიცვალა 3 746 ადამიანი. 

ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 4 360. კორონავირუსით ინფიცირებული 313 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 71 პაციენტი იმყოფება.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები