25 მარტს საქართველომ ფაიზერ-ბიონტექის 29 200 ცალი ვაქცინა მიიღო, რომელიც, ამ ეტაპზე, მედპერსონალისა და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. ვაქცინის შემოტანას მალევე მოჰყვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის კომენტარი, რომელშიც იგი ფაიზერთან დაკავშირებულ "გარკვეულ ადგილობრივ გართულებებზე" საუბრობს იმ ადამიანებში, "ვინც ხშირად ხმარობს ფილერს".
გამყრელიძემ იქვე დასძინა, რომ გართულებები ადგილობრივი ხასიათისაა და არა "სისტემური და ანაფილაქსიური", თუმცა სიტყვა "გართულებები" საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ვაქცინების მიმართ წინასწარვე არსებული უნდობლობა განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ახალციხელი ექთანი, ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებიდან მალევე, კომაში ჩავარდა და მოგვიანებით, გარდაიცვალა.
26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 4 344 ადამიანია აცრილი, 11 273 პირი კი – დარეგისტრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაცია ვირუსის დასამარცხებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და საიმედო გზაა, მნიშვნელოვანია, რომ თემის ირგვლივ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ადამიანები უსაფუძვლო შიშების გამო აცრაზე უარს არ ამბობდნენ. სტატიაში განვიხილავთ, რა კავშირია ფაიზერის ვაქცინასა და დერმალურ ფილერებს შორის, რამდენად საშიშია პოტენციური გართულებები და უნდა ვთქვათ თუ არა უარი ვაქცინაზე.
რა არის და ვინ იყენებს დერმალურ ფილერს?
დერმალური ფილერი კოსმეტიკურ ქირურგიაში ფართოდ გავრცელებული პროდუქტია, რომელიც სახის კანში ან ტუჩში, რბილი ქსოვილის შემავსებელი გელის ინექციის სახით შეყვანას გულისხმობს. პროცედურას ბევრი განსხვავებული მიზნით მიმართავენ: თვალის უპეების ამოვსება, ყვრიმალების აწევა, ტუჩების გადიდება, ნაოჭების გაქრობა, დაზიანებების აღმოფხვრა და სხვა. მიჩნეულია, რომ დერმალური ფილერები სიბერესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდია, რომელსაც უამრავი ადამიანი მიერ იყენებს. მხოლოდ ამერიკაში, ინექციას მინიმუმ 2.6 მილიონი ადამიანი იკეთებს.
რა კავშირშია დერმალური ფილერი ფაიზერის ვაქცინასთან?
ფაიზერის მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის გენომს იყენებს. უფრო ზუსტად, იმ ნაწილს, რომელიც ცილოვანი სტრუქტურების წარმოების შესახებ ინახავს ინსტრუქციას.
ამ ინფორმაციას მეცნიერები ინახავენ რნმ-ის მოლეკულის სახით, რომელსაც გენეტიკური მასალის შემნახველი და გადამცემი ფუნქციები აქვს. აცრისას, რნმ-ი ადამიანის ორგანიზმში ინექციის სახით ხვდება. მიზანი ისაა, რომ ორგანიზმმა, ინსტრუქციის შესაბამისად, უცხო ცილოვანი სტრუქტურების წარმოება თავად დაიწყოს, ისინი უცხო სხეულებად აღიქვას, გაანადგუროს და ინფორმაცია შეინახოს.
ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელმა ასოციაციამ(FDA) გაავრცელა განცხადება , სადაც რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების (ფაიზერი და მოდერნა) გვერდითი მოვლენები იყო განხილული. დოკუმენტის მიხედვით, 15 184 ადამიანიდან, რომელთაც მოდერნას ვაქცინა მიიღეს, სამს დერმალური ფილერის ინექციის ადგილას შეშუპება განუვითარდა. მათ შესახებ შემდეგი ინფორმაცია არსებობს:
- 51 წლის ქალს აცრიდან 2 დღეში სახის შეშუპება გამოუვლინდა, რომელიც მარტივად, გართულების გარეშე მოგვარდა. პაციენტს დერმალური ფილერი აცრამდე 2 კვირით ადრე ჰქონდა გაკეთებული.
- 46 წლის ქალს აცრიდან 1 დღეში ასევე სახის შეშუპება განუვითარდა, რომელიც გართულების გარეშე მოგვარდა. მასაც, დერმალური ფილერი აცრამდე 6 თვით ადრე ჰქონდა მიღებული.
- 29 წლის ქალს აცრიდან 2 დღეში ტუჩის ანგიოედემა გამოუვლინდა, რაც პოტენციურად საყურადღებო გართულებად ითვლება, თუმცა აქაც, პრობლემა მარტივად მოგვარდა. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ანალოგიური გართულება გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგაც განუვითარდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამი მსუბუქი გვერდითი მოვლენა 15 184 ცდისპირში გამოვლინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაიზერით აცრილ ყოველ მომდევნო ადამიანში მსგავსი პრობლემის განვითარების მხოლოდ 0.02%-იანი ალბათობა არსებობს.
არის თუ არა მსგავსი გართულებები საშიში და უნდა ავიცრათ თუ არა ფაიზერის ვაქცინით?
კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგის, დოქტორი შილპი ხეტარპალის თქმით, ამ ამბავში უცნაური და არაორდინარული არაფერია:
"ეს ყველაფერი ჩვეული იმუნოლოგიური რეაქციაა, რომელსაც გრიპის ან სხვა ტიპის ვაქცინების, დენტალური პროცედურებისა თუ ბაქტერიული დაავადებების დროს ვაწყდებით. ეს არც ალერგიაა და არც ინფექცია, უბრალო შეშუპებაა, რომელიც ფილერის ინექციის ადგილებში იჩენს თავს. როგორც წესი, მსგავსი გართულებები ძალიან იშვიათია. მაგალითად, ჩემი 8-წლიანი კარიერის განმავლობაში, ასეთი შემთხვევა სულ 3-4-ჯერ თუ მექნება ნანახი".
მისივე თქმით, გართულებები საკმაოდ მარტივად, ანტიჰისტამინური მკურნალობის შედეგად გვარდება. ანალოგიურ დასკვნას აქვეყნებს ამერიკის დერმატოლოგიური ქირურგიის ასოციაციაც. მათი განცხადებით, ნახსენები გართულება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზს. ასოციაციის საიტზე შემდეგ გაიდლაინებს ვხვდებით:
- შეშუპება და მსგავსი რეაქცია არ წარმოადგენს მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინის გვერდით მოვლენას და იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, ინფექციის, ან სხვა ვაქცინის ფონზეც.
- გართულებები ძალიან იშვიათია და ექვემდებარება კორტიკოსტეროიდულ მკურნალობას. უფრო ხშირად, პრობლემა მედიკამენტური ჩარევის გარეშე გვარდება.
- იმ პაციენტებმა, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული დერმალური ფილერის ინექცია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი არცერთი ტიპის ვაქცინით აცრაზე.
საზოგადოებაში გავრცელებულ ეჭვებს ქართველი ექიმებიც გამოეხმაურენ. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ "თუ შეშუპება ფიქსირდება, რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება, ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ და ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან".
თემას ეხმიანება ესთეტიკური ქირურგი, გია გვარამიაც. მისი თქმით, "სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19 ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად".