როგორ მუშაობს ვაქცინები

როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა?

როგორ მუშაობს ვაქცინები

როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა?

როგორ მუშაობს ვაქცინა? რით განსხვავდება ფაიზერის, ასტრაზენეკასა თუ რუსული Sputnik V-ის ვაქცინები? რომლის შეძენა ჯობს საქართველოსთვის? როგორ განსხვავდება ფასები? სად და ვისი ხელით იწარმოება თითოეული ვაქცინა? რომელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ავტორიზაცია აქვს თითოეულ მათგანს? და ბოლოს, რა შეჰყავთ ჩვენს მხარში აცრის დროს? ამ კითხვებზე პასუხების გაცემას სტატიაში შევეცდებით.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, მსოფლიო კვლავ გარდაცვლილებს ითვლის. 

112 მილიონზე მეტი ინფიცირებული, 2.5 მილიონი გარდაცვლილი და 64 მილიონამდე გამოჯანმრთელებული – ასეთია უახლესი სტატისტიკა

პანდემიის მძვინვარების პარალელურად, არნახული სისწრაფით იქმნება და იხვეწება ვაქცინები. თებერვლის მდგომარეობით, 4 განსხვავებული წარმოების ვაქცინა სრული გამოყენებისთვისაა ავტორიზებული, 7 – შეზღუდულად, 20 კი ტესტირების ბოლო ეტაპზეა. 

ამ მომენტისთვის, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში შემდეგი ვაქცინებია მოქცეული:

  1. ფაიზერ-ბიონტექი – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის აშშ-სა და EU-ში.
  2. მოდერნა – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის აშშ-ში, UK-სა და EU-ში.
  3. გამალეია(სპუტნიკ V) – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
  4. ოქსფორდ-ასტრაზენეკა – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის UK-სა და EU-ში.
  5. ჯონსონ & ჯონსონი – ელოდება WHO-ს ავტორიზებას, გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში.
  6. ნოვავაქსი – ელოდება FDA-ის, WHO-სა და UK-ის ავტორიზებას.
  7. სინოფარმი – ავტორიზებულია ჩინეთში, არაბთა საამიროებსა და ბაჰრეინში.

მაშინ, როცა კორონავირუსის ვაქცინები წელიწადზე ნაკლებ დროში იქმნება, ე.წ. ანტივაქსერული კამპანიები იმუნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. თუმცა, თემის ირგვლივ არსებული მითების უსაფუძვლობა არაერთხელაა დამტკიცებული

ანტივაქსერული კამპანიების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, გვესმოდეს, როგორ მოქმედებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ მათ, რა რისკებს ვაწყდებით იმუნიზაციის პროცესში, დაბოლოს, რა ნივთიერებები შეჰყავთ ჩვენს ორგანიზმში ნემსის გაკეთებისას. 

 

რისგან შედგება კორონავირუსი?

სანამ ვაქცინების მოქმედების მექანიზმს განვიხილავდეთ, უნდა გავეცნოთ კორონავირუსის აგებულებას:

NY Times

SARS-CoV-2 ვირუსის უჯრედი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:

1. უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებული გენეტიკური კოდი, რაც, სხვა სიტყვებით, ვირუსის გასამრავლებელი ინსტრუქციაა. როდესაც პათოგენი ორგანიზმში ხვდება, იგი უჯრედში თავის გენეტიკურ ინფორმაციას უშვებს, მასპინძლის უჯრედები მას "კითხულობენ" და ვირუსული უჯრედების წარმოებას იწყებენ.

2. მემბრანა, ანუ გარე შრე, რომელიც ციტოპლაზმასაა შემოვლებული, ვირუსს დაშლისა და დაზიანებისგან იცავს. შრე ძირითადად ლიპიდური მოლეკულებისგან შედგება.

3. ცილოვანი სტრუქტურები, რომლებიც უჯრედის მემბრანიდან ამოიმართება, მასპინძელ ორგანიზმთან დასაკავშირებლად და მასში შესაღწევად გამოიყენება.

საბოლოოდ, ყველა ვაქცინას ერთი დანიშნულება აქვს: ადამიანის იმუნურ სისტემას ასწავლოს, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურები უცხო სხეულად აღიქვას, შეებრძოლოს, დაამარცხოს და მათ შესახებ ინფორმაცია სამომავლო გამოყენებისთვისაც შემოინახოს. 

 

როგორ მუშაობს ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინა?

ფაიზერისა და მოდერნას მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის გენომს იყენებს. უფრო ზუსტად, იმ ნაწილს, რომელიც ცილოვანი სტრუქტურების წარმოების შესახებ ინახავს ინსტრუქციას. ამ ინფორმაციას მეცნიერები ინახავენ რნმ მოლეკულის სახით , რომელსაც დნმ-ს მსგავსად, გენეტიკური მასალის შემნახველი და გადამცემი ფუნქციები აქვს. ვაქცინაციისას, რნმ ადამიანის ორგანიზმში ინექციის სახით ხვდება. მიზანი ისაა, რომ ორგანიზმმა, ინსტრუქციის შესაბამისად, უცხო ცილოვანი სტრუქტურების წარმოება თავად დაიწყოს, ისინი უცხო სხეულებად აღიქვას, გაანადგუროს და ინფორმაცია შეინახოს.

NY Times

რნმ- მოლეკულა მეტისმეტად ფაქიზი და მყიფეა, ამიტომ მას, ფლაკონში გადატანამდე, ცხიმოვან მასაში ათავსებენ, რაც ერთგვარი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც სჭირდება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებს დაბალ ტემპერატურებზე(-25 / -20°C) შენახვა.

ინექციის მიღების შემდეგ, ცხიმოვანი შრით დაფარული რნმ-ს მოლეკულა ადამიანის უჯრედებში ხვდება. უჯრედის ციტოპლაზმა ცხიმოვან შრეს შლის, ღიად დარჩენილ ინსტრუქციას კი რიბოსომები "კითხულობენ" და შესაბამისი ცილოვანი სტრუქტურების წარმოებას იწყებენ.

NY Times

უჯრედის მიერ წარმოებული, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცილოვანი სტრუქტურები მემბრანის ზედაპირზე ამოიმართება. უჯრედის სიკვდილის შემდეგ – ადამიანის ორგანიზმში ყოველ წამში 1.2 მილიონი უჯრედი კვდება – სივრცეში გაბნეულ ცილოვან სტრუქტურებს იმუნური სისტემის ე.წ. ანტიგენწარმდგენი უჯრედები იწოვენ და თავიანთი მემბრანის ზედაპირებზე განათავსებენ. 

ანტიგენწარმდგენი უჯრედების როლი, სახელიდან გამომდინარე, ორგანიზმში არსებული უცხო სხეულების შეგროვება და იმუნური სისტემისთვის ინფორმაციის წარდგენაა.

ამ შემთხვევაში, ანტიგენწარმდგენი უჯრედების მემბრანებიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს ე.წ. T უჯრედები აფიქსირებენ, მათ საფრთხედ აღიქვამენ და განგაშს ტეხენ.

NY Times

T უჯრედი ორგანიზმში პათოგენის მოხვედრის თაობაზე იმუნური სისტემის იმ უჯრედებს აფრთხილებს, რომელთაც უცხო სხეულების განადგურება ევალებათ. ამ შემთხვევაში ამ როლს ე.წ. B უჯრედი ასრულებს, რომელიც, სიგნალის მიღებისთანავე იმ უჯრედების გასანადგურებლად მიემართება, რომელთა მემბრანაზეც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცილოვანი სტრუქტურებია ამომართული.

NY Times

პროცესში შექმნილი და გამოყოფილი ანტისხეულები ორგანიზმში გარკვეული ხნით ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით რეალურად ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსული უჯრედების მემბრანიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს ამოიცნობს, მათ წინააღმდეგ უკვე გამოცდილ ანტისხეულებს წარმოქმნის და მარტივად გაანადგურებს.

NY Times

ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების საფუძვლიანად "დამახსოვრების" მიზნით, ორ ეტაპად, 21-დღიანი შუალედით კეთდება. ანალოგიური მიზეზით, ორჯერად, 28-დღიანი შუალედით აცრას საჭიროებს მოდერნას ვაქცინაც. სამწუხაროდ, ვაქცინების დროში გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს გამომუშავებული იმუნიტეტი. 

რაც შეეხება მწარმოებლებს, ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა გერმანულ-ამერიკულ კოლაბორაციას წარმოადგენს. კლინიკური ცდებით დგინდება, რომ ვაქცინას ვირუსთან ბრძოლაში 95%-იანი ეფექტიანობა აქვს. 23 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნები ყველაზე აქტიურად სწორედ ფაიზერის ვაქცინას იყენებენ, Statista-ს ინფორმაციით, მწარმოებლის ვაქცინა 61 ქვეყანაში გამოიყენება. ვაქცინის პირველი 100 მილიონი დოზის ფასი $19.50 დოლარია.

მოდერნა მასაჩუსეტსში დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან კოლაბორაციით შექმნა. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 94.1%-ია. 23 თებერვლის მდგომარეობით, მოდერნას ვაქცინას 27 ქვეყანა იყენებს, ფასი კი $25-$37 დოლარს შორის მერყეობს.

 

 

ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი და გამალეია – ადენოვირუსებზე დაფუძნებული ვაქცინები

კორონავირუსის გენომს იყენებენ ასტრაზენეკას, ჯონსონ & ჯონსონისა და გამალეიას(Sputnik V) ვაქცინებიც. თუმცა, ფაიზერისა და მოდერნასგან განსხვავებით, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შექმნის ინსტრუქციას მწარმოებლები რნმ-ს ნაცვლად დნმ-ს მოლეკულაში ინახავენ.

შექმნილ მოლეკულას ადენოვირუსის – ე.წ. გრიპის ვირუსის – უვნებელყოფილ უჯრედებში ათავსებენ. მიზანი ისაა, რომ ადენოვირუსმა, ადამიანის უჯრედში მოხვედრისას, მას წინასწარ გამზადებული დნმ გადასცეს და ზემოხსენებული ცილოვანი სტრუქტურების წარმოება დაავალოს.

NY Times

რადგან დნმ-ს მოლეკულა რნმ-ზე ბევრად მდგრადია, ასეთი ტიპის ვაქცინა ნულს ქვემოთ ტემპერატურას არ საჭიროებს – ასტრაზენეკას, ჯონსონ & ჯონსონისა და გამალეის ვაქცინები 2–8°C გრადუსზეც ინახება. აცრის მომენტში, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ადენოვირუსი უჯრედების ბირთვამდე აღწევს და მათ კორონავირუსის გენეტიკურ ინფორმაციას გადასცემს.

NY Times

წინასწარ მოდიფიცირებულ ადენოვირუსის უჯრედებს გამრავლება და ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ. მათი ერთადერთი ფუნქცია უჯრედისთვის კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შესაქმნელი ინსტრუქციის გადაცემაა. ბირთვში დნმ-ს ინექციის შემდეგ, ინსტრუქციის მატარებელი რნმ-ს მოლეკულები მიღებულ კოდს ჩაინიშნავენ და რიბოსომებს გადასცემენ. ამით იწყება  წარმოების პროცესი.

NY Times

უჯრედის მიერ შექმნილი ცილოვანი სტრუქტურები მისივე ზედაპირზე ამოიმართება. უჯრედის სიკვდილის შემდეგ, სტრუქტურებს ჩვენთვის უკვე ნაცნობი ანტიგენწარმდგენები შთანთქავენ და ზედაპირზე განათავსებენ. T უჯრედები კი ამ სურათს განგაშის ატეხვით შეხვდებიან:

NY Times

ამის შემდეგ, T უჯრედები "გამანადგურებელ" B უჯრედებს გაააქტიურებენ, რომლებიც ცილოვანი სტრუქტურების მქონე უჯრედების ლიკვიდაციას დაიწყებენ:

NY Times

პროცესში შექმნილი და გამოყოფილი ანტისხეულები ორგანიზმში გარკვეული ხნით ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით რეალურად ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსული უჯრედების მემბრანიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს იცნობს, მათ წინააღმდეგ უკვე გამოცდილ ანტისხეულებს გამოყოფს და მარტივად გაანადგურებს. 

ასტრაზენეკას ვაქცინა ორ ეტაპად, 28-დღიანი დაშორებით კეთდება, Sputnik V – 21 დღიან შუალედს საჭიროებს, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინა კი ერთჯერადი გამოყენებისაა. 

რაც შეეხება მწარმოებლებს, ასტრაზენეკას ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლაბორაციით შეიქმნა. კლინიკური ცდები აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 62-90% შუალედში მერყეობს. ვაქცინას, თებერვლის მდგომარეობით, 41 ქვეყანა იყენებს და მისი საშუალო ფასი $25-37 დოლარია.

გამალეიას კვლევითი ინსტიტუტი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრის ქვედანაყოფია. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 91.6%-ია. თებერვლის მდგომარეობით, Sputnik V ვაქცინას 9 ქვეყანა იყენებს, ფასი კი $10 დოლარია.

ჯონსონ & ჯონსონი კი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ვაქცინას ბელგიაში დაფუძნებული ფილიალის მეშვეობით ქმნის. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 72%-მდეა, ფასი კი $10 დოლარს უტოლდება. ვაქცინა, თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში გამოიყენება.

 

 

ნოვავაქსი – ცილოვან ნანონაწილაკებზე დაფუძნებული ვაქცინები

ზემოთ განხილული ვაქცინების მსგავსად, იმუნიზაციისთვის ნოვავაქსის ვაქცინაც კორონავირუსის გენეტიკურ ინფორმაციას იყენებს, მაგრამ პროცესი განსხვავებულია. 

ვაქცინის წარმოების პირველ ეტაპზე მეცნიერები კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შესაქმნელ ინსტრუქციას სხვა ვირუსში ათავსებენ, ამჯერად, ადენოვირუსის ნაცვლად – ბაკულოვირუსში. ვირუსს ჩრჩილის უჯრედში უშვებენ, რომელიც ინფორმაციის მიღებისთანავე იწყებს სტრუქტურების შექმნას.

NY Times

ჩრჩილის უჯრედის სიკვდილის შემდეგ მიმოფანტულ ცილოვან სტრუქტურებს მეცნიერები აგროვებენ და ნანონაწილაკის ფორმას აძლევენ. ანალოგიური მეთოდი გამოიყენება ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესშიც. ნანონაწილაკი გარეგნულად კორონავირუსს წააგავს, მაგრამ ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. ნოვავაქსის ვაქცინა მილიონობით ასეთ ნაწილაკს შეიცავს, რომლებსაც იმუნიზაციისას ადამიანის მხარში უშვებენ. 

NY Times

მას შემდეგ, რაც ნანონაწილაკები ორგანიზმში მოხვდება, ჩვენთვის უკვე ცნობილი სქემა ვითარდება:

ნაწილაკებს ანტიგენწარმდგენი უჯრედები შთანთქავენ და თავიანთ ზედაპირებზე განათავსებენ, ზუსტად ისე, როგორც კორონავირუსის უჯრედები. ამ სანახაობის შემსწრე T უჯრედები იმუნური სისტემის "მკვლელ" უჯრედებს გაააქტიურებენ და საბრძოლო ოპერაციაც დაიწყება. კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების მქონე ყველა უჯრედის განადგურების შემდეგ, ორგანიზმი ამ ინფორმაციას შეინახავს და სამომავლოდ, პოტენციური ინფიცირების შემთხვევაში გამოიყენებს.

NY Times

ნოვავაქსის ვაქცინა ორ ეტაპად, 21-დღიანი დაშორებით კეთდება. სამწუხაროდ, ვაქცინის დროში გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს გამომუშავებული იმუნიტეტი. 

ნოვავაქსი მერილენდის შტატში დაფუძნებული კომპანიაა. ვაქცინა ჯერ კიდევ სატესტო ფაზის დასრულების პროცესშია, თუმცა იანვარში გამოქვეყნებული კლინიკური ცდები 89%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. თებერვლის მდგომარეობით, ვაქცინა არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. მისი ფასი $16 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. 

 

 

სინოფარმი – გაუვნებელყოფილი პათოგენით შექმნილი ვაქცინები

სინოფარმის ვაქცინის მოქმედების მექანიზმი  ყველა ზემოთ განხილულისგან განსხვავდება. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი ორგანიზმში დასუსტებული ან უვნებელყოფილი კორონავირუსის უჯრედების შეყვანას გულისხმობს, რომელთაც იმუნური სისტემა უპირისპირდება, ამარცხებს და იმახსოვრებს. ანალოგიურად მოქმედებს ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები. 

მწარმოებლები კორონავირუსს ბიორეაქტორებში ამრავლებენ. რეპროდუქციის შემდეგ ვირუსებს ბეტა-პროპიოლაქტონის ხსნარში ათავსებენ, რითაც მათ მავნებლობასა და ზიანის მიყენების უნარს ზღუდავენ. ვაქცინაციის მომენტში ადამიანის მხარში სწორედ ვირუსისა და გამანეიტრალებელი ხსნარის ნარევი შეჰყავთ.

NY Times

ვირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან ისეთივე იმუნური რეაქცია ვითარდება, როგორიც ზემოთ განვიხილეთ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი უვნებელი კორონავირუსის უჯრედების დამარცხებას ისწავლის, რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩენისას პათოგენს მარტივად გაუმკლავდება.

ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, ადრეულ 2020-ში შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. თებერვლის მდგომარეობით, ვაქცინა 10 ქვეყანაში გამოიყენება. მისი სავარაუდო ფასი $14 დოლარამდეა. 

 

კომენტარები