სასამართლო რეფორმა

ნაზი ჯანეზაშვილი: გთავაზობთ 5 საკითხს, რომელიც სასამართლო რეფორმის დასაწყებად აუცილებელია

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ხუთ საკითხს ასახელებს, რომელიც სასამართლოს რეფორმის დასაწყებად აუცილებელია. 

ჯანეზაშვილის თქმით, განცხადებები, რომელიც აშშ-ს სენატში გაკეთდა, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სასამართლოსთან მიმართებით, მიუთითებს იმას, რომ საქართველოს სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები და განახლება.

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, არ იყო შედეგიანი და "მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რაც გვაქვს".

"1) კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება. ვერ წარმომიდგენია სასმართლოს განვითარების პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოში ლიდერებად დარჩებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვა ის პირები, რომლებმაც მიგვიტანეს ის მძიმე შედეგები, რაც სასამართლოშია. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან და განახლდეს.

2) სასამართლოს ნეპოტიზმისგან გათავისუფლება როგორც აპარატის, ასევე მოსამართლეების დონეზე. არ შეიძლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ნეპოტიზმის პრაქტიკით დახუნძლული იყოს.

3) საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი, ვინაიდან ყევლაზე მთავარი მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ისაა, როგორ მიდის ესა თუ ის საქმე მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა, ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს გადახედვას და საკანონმდებლო ცვლილებებს. არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა.

4) საქმეთა გაჭიანურება. მოქალაქეები დადიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ შედეგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეთა განაწილების პრინციპის შემდგომ გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები.

5) ბოლო, უმნიშვნელოვანესი საკითხი, ესაა მთლიანად სასამართლო სისტემის მოწყობა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარე. ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და არის თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური. დღევანდელი სასამართლო სისტემა უნდა გადაიხედოს ორგანიზაციულად, მენეჯმენტი დაიხვეწოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. დღეს ეს ასე არ არის". – აცხადებს ჯანეზაშვილი. 

აშშ-ს სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მათ შორის განიხილეს სასამართლო სისტემა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარა მაკდონალდმა მართლმსაჯულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მოსამართლეების უმაღლესი საბჭო გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული სისტემის და დაწინაურების სისტემის გამოყენებით და ა.შ. დიდწილად მას კლანად მოიხსენიებენ".

კომენტარები