ქართული კინო

ბოტანიკურ ბაღში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ბროწეულის ხე დაირგო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ლეგენდარული რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ბროწეულის ხე დაირგო.

ბროწეულის ხე ტონინო გუერას "დავიწყებულ ხეხილის ბაღში" დარგეს, რომლის გაშენება 2020 წელს დაიწყო. იტალიელი დრამატურგის სახელობის ბაღში მცენარეებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი ადამიანების საპატივცემულოდ რგავენ. ბროწეულის ხე რეჟისორ ხოსე მაჯინერეს ორგანიზებით დაირგო.

სერგო ფარაჯანოვის სახელობის ბროწეულის ხის დარგვის ღონისძიებას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქორეპისკოპოსი, სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფარაჯანოვი გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში მუშაობდა. ცხოვრების ბოლო წლები რეჟისორმა თბილისში გაატარა. მის შემოქმედებაში ბროწეულის გამოსახულებას განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

კომენტარები