ოსკარი 2021

2021 წლის ოსკარის დაჯილდოების საინტერესო ფაქტები და რეკორდები

Oscars.com

15 მარტს ცნობილი გახდა 2021 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის ნომინანტები. 

წარმოგიდგენთ რიგით 93-ე დაჯილდოების საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს.

ჩედვიკ ბოუზმენი მერვე მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარის ნომინაცია სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. შავი პანტერის ვარსკვლავმა Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული უკანასკნელი როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში მიიღო ნომინაცია. სხვადასხვა პერიოდში ჯილდოზე გარდაცვალების შემდეგ ჯინ იგლსი, ჯეიმს დინი, სპენსერ ტრესი, პიტერ ფინჩი, რალფ რიჩარდსონი, მასიმო ტროისი და ჰით ლეჯერი წარადგინეს. ოქროს ქანდაკება მხოლოდ ფინჩსა და ლეჯერს გადაეცათ.

Netflix ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე სტრიმინგსერვისის ტიტულს ინარჩუნებს. 2021 წელს კომპანიამ 35 ნომინაცია მოიპოვა, აქედან ათ კატეგორიაში დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა Mank არის წარდგენილი. ნეტფლიქსს არსებობის ისტორიაში 89 ოსკარის ნომინაცია აქვს მიღებული.

ოსკარის ისტორიაში პირველად საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ორი ქალი რეჟისორი - ქლოე ჟაო(Nomadland) და ემერალდ ფენელი(Promising Young Woman) არიან წარდგენილნი. გარდა ამისა, ჟაო პირველი არათეთრკანიანი ქალი რეჟისორია ამ კატეგორიაში და ასევე ერთ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი ნომინაციის მფლობელი ქალია. წარმოშობით ჩინელი რეჟისორი საუკეთესო რეჟისურის, სცენარისა და მონტაჟის კატეგორიებში იბრძვის.

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ყველაზე ასაკოვანი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინაცია მიიღო. ბრიტანელი მსახიობისთვის ეს რიგით მეექვსე ნომინაციაა, 1992 წელს კრავთა დუმილში შესრულებული როლისთვის ჰოპკინსმა ოსკარი მოიპოვა.

ვაიოლა დევისი ოსკარის ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე შავკანიანი მსახიობი ქალია. ბოუზმენის ეკრანული პარტნიორი ჯილდოზე Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის არის წარდგენილი. გასულ წლებში დევისმა The Help-ში და The Doubt-ში თამაშისთვის ოსკარი მოიპოვა. მესამე ნომინაცია 2017 წელს ფილმ Fences-სთვის მიიღო.

სტივენ იუნი პირველი აზიელი ამერიკელია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ოსკარის ნომინანტი გახდა. ფილმ Minari-ის კიდევ ერთმა მსახიობმა დაამყარა რეკორდი, იუნ იუჰ-ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო.

რიზ ახმედი პირველი მუსულმანი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა. The Sound Of Metal, რომელშიც ახმედი მთავარ როლს ასრულებს, ასევე საუკეთესო ფილმის წოდებისთვის იბრძვის.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება.

კომენტარები