ასტრაზენეკა

ჯანმო: ასტრაზენეკა უსაფრთხოა და ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევდა, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობოდა.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აცხადებს, რომ მათ ამ ვაქცინასთან პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეების აცრას არ შეწყვეტენ. 

ჯანმოს თქმით, ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ ასტრაზენეკასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და რაც შეიძლება მალე შეაჯამებენ საკუთარ კვლევებს. მიუხედავად ამისა, ჯანმო თვლის, რომ ასტარაზენეკას ვაქცინასთან წინა თვეში გამოცემული რეკომენდაციების ცვლილება საჭირო არ იქნება და მისი გამოყენება კვლავ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება რეკომენდებული.

"დღეს არანაირი სამხილი არ არსებობს, რომ [სისხლის თრომბის წარმოქმნის] შემთხვევები ვაქცინის მიერაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელება, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლეები". – თქვა ჯანმოს სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა. 

ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირი არაა. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ასტრაზენეკათი აიცრა 17 მილიონი ადამიანი. ვაქცინირებულებიდან 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც, ასტრაზენეკას კომპანიის თქმით, ასეთი დიდი რაოდენობის ჯგუფისთვის ბუნებრივი დამთხვევაა და არა ვაქცინის ბრალი. 

 

კომენტარები