ასტრაზენეკა

ასტრაზენეკა - თრომბის წარმოქმნის შემთხვევები ვაქცინის უკუჩვენებებს არ უკავშირდება

ასტრაზენეკას ვაქცინასთან ბოლო დროს გავრცელებული შიშების გამო, რომ ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევს, ვაქცინის კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა.

"ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ის ვაქცინა ასტრაზენეკათი ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვის შედეგად, [ვაქცინის გამო] ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის განვითარების რისკის ზრდა არ დასტურდება არცერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში". – წერია ასტრაზენეკას განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 8 მარტის მონაცემებით 17 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან მხოლოდ 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც მსგავსი დიდი რაოდენობის მოსახლეობისთვის რიცხვობრივად ბუნებრივია და ვაქცინის უკუჩვენებას ვერ დაუკავშირდება, ასევე მსგავსი მონაცემები გვხვდება სხვა ვაქცინით აცრილ მილიონობით ადამიანშიც. 

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი კვლევები ჩატარდა და კიდევ ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ უკუჩვენების არანაირი შემთხვევა მეცნიერულად არ დასტურდება. ასტრაზენეკას ვაქცინის შემქმნელების თქმით, სახალხო უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია. 

ასტრაზენეკას ვაქცინასთან გავრცელებული შიშების გამო გასულ დღეებში რამდენიმე ქვეყანამ მისი იმპორტირება დროებით შეაჩერა. 

კომენტარები