ჩანაწერები

ტიკარაძე ჩანაწერებზე: როდესაც მედია კითხვას დაუსვამს, ღარიბაშვილი ღირსეულად უპასუხებს

ტაბულა

"მისთვის მედიაში კითხვა არ დაუსვამთ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან, ის ღირსეულ პასუხს გააკეთებს" - განაცხადა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დუმილზე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

TV პირველის ეთერში ფარული ჩანაწერები 6 მარტს გავრცელდა.  მასში, ავტორების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს ელაპარაკება. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერთან დაკავშირებით ანზორ ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ "ბერას მიმართ მუქარა გავრცელდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და ჩავერთე". ბერა ივანიშვილის თქმით კი, "თუ ვინმე დედას შემაგინებს, დღესაც აუცილებლად მოვთხოვ პასუხს".

რაც შეეხება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ის მე-5 დღეა, დუმს. პრემიერს არც 11 მარტის მთავრობის სხდომაზე უთქვამს რამე TV პირველის ეთერში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერმინისტრი შეეხო ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს, პანდემიასთან დაკაშირებულ საკითხებს და ვაქცინაციას, ასევე, OMV- Petrom-თან თანამშრომლობას.

TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება მხოლოდ კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო. სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. როგორც განჩინებაში წერია, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

კომენტარები