ჩანაწერები

ბოკერია TV პირველზე: ღარიბაშვილის კომენტარი ეს რეპრესიული ნაბიჯია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი არის ეს რეპრესიული ნაბიჯი, ამ რეპრესიული ნაბიჯების გადადგმა" – ასე ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საქალაქო სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურა, რომელმაც გენერალურ პროკურატურას დართო ნება, TV პირველის მასალების ამოღების უფლება მისცა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-11 მუხლის I პუნქტი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

"ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების უგულებელყოფითა და დარღვევით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ყველასთვის, არა მარტო მედიისთვის, საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე ივანიშვილის რეჟიმის სახით". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მთელი სახელმწიფო მანქანა, მათ შორის სასამართლო სისტემა ახლა გადართულია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და ოჯახის წევრის "ღირსების" დაცვაზე. 

"მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურ კი არა, მიმსგავსებულ ვითარებებში სამთავრობო პროპაგანდა უბინძურეს მასალებს ავრცელებდა, მართლაც ფაბრიკაციას, როგორც შემდგომში გაირკვა, ან ისეთ მასალებს, რომელიც საჯარო ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენდა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომელიც უნდა იყოს პოტენციურად მამხილებელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მუქარის ფაქტებისა, არამედ გამოიტანეს გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის თაობაზე და მათი პროფესიული საიდუმლოებების, წყაროების იძულებით გაცემის თაობაზე. 

არცერთ სხვა ვითარებაში მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა, სასამართლოს ჩათვლით. ის არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად. ძველი ფილმი იყო ერთი, პრინცის ოჯახის ღირსება, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოჯახის ღირსებას ეხებოდა. მთელი ჩვენი სახელმწიფო მანქანა არის ახლა მოწოდებული მხოლოდ ამ "ღირსების" დასაცავად". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები