ჩანაწერები

წერეთელი პროკურატურას: არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!

„არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!". - ტელეკომოანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი საქართველოს პროკურატურას მიმართავს. 

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. როგორც განჩინებაში წერია, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

"მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის  უფლებას გვაძლევს ჩვენ კანონი".- ამბობს ტვ.პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.   

მანამდე ნოდარ მელაძემ თქვა, რომ "შესაძლოა, იყოს გაჟონილი სუს-იდან ბიძინა ივანიშვილის ვოის-მესიჯები, გაგზავნილი 2019 წლის 20 ივნისის დარბევის შემდეგ".

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები