ჩანაწერები

EMC ჩანაწერებზე: დემოკრატიული სისტემის რღვევის უმძიმეს პრაქტიკას ავლენს

TV პირველი

ადამიანის უფლებების სწავლებსა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 6 მარტს ტვ.პირველის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით.

სამწუხაროდ, სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და, რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან, აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

EMC აცხადებს, რომ ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც, შესაძლოა, ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედიაინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

"ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო".-წერია განცხადებაში. 

EMC-ის თქმით, ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ.

ცხადია, ჩანაწერის ავთენტურობა, მისი ჩაწერის დრო და კონტექსტიც სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუმცა, სამწუხაროდ, აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე".- წერია განცხადებაში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოება და მათი შინაარსით საზოგადოების თუ ცალკეული პირების პოლიტიკური მანიპულირება წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მახასიათებლად და მახინჯ ტრადიციად იქცა, რაც "ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების არაეფექტურობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნების არქონაზე, გამოძიებულიყო მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტები"

"წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და გამოყენების ტოტალური პრაქტიკები მძიმედ იყო გაკრიტიკებული საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური აქტორების მიერ. მოქმედი ხელისუფლება ამ პრაქტიკას ასევე ემიჯნებოდა, თუმცა ჩვენ მალევე ვიხილეთ არსებული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო- და ვიდეოჩაწერის გამოქვეყნების პრაქტიკები და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. არც ერთ ამ საქმეზე ხელისუფლებას სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების არქონასა და ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყნარებას და პოლიტიკის წარმოების ლოგიკად ქცევის სახიფათო ნიშნებს აჩვენებს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფის ნიშნები, რაც შეუძლებელს ხდის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის გატარებას სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას უკიდურესად აზიანებს. აღნიშნული კრიტიკა, პირველ რიგში, პროკურატურას უკავშირდება, რომლის მიმართაც უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილება და განცდა, რომ ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოიძიებას".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

EMC წუხს, რომ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს.

EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა.


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

კომენტარები