პაპის ვიზიტი ერაყში

პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა

BBC

პაპი ფრანცისკე 5 მარტს, პანდემიისა და სამხედრო საფრთხის მიუხედავად, ერაყს ეწვევა. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ერაყის ქრისტიან მოსახლეობას, ასევე, შეხვდება შიიტ მუსლიმთა რელიგიურ წინამძღოლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის პრემიერმინისტრს .

პაპი 4 ქალაქს უნდა ეწვიოს ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნაწილებში. 

მობილიზებულია ათასობით ერაყელი ჯარისკაცი, რათა საჭიროების შემთხვევაში პაპის დაცვა შეძლონ. 

პაპი ფრანცისკე ჩასვლის დღეს ბაღდადის ეკლესიაში მესას აღავლენს. შეხვდება ერაყის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრსაც. 

იგი ესტუმრება ქალაქ მოსულსაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო და რელიგიურ უმცირესობებს დაუნდობლად ავიწროებდა.

3 მარტს ერაყში მყოფი ამერიკული ბაზების მიმართულებით გაურკვეველმა სამხედრო დაჯგუფებამ 10 რაკეტა ისროლა. ამ შემთხვევის მიუხედავად, პაპმა ფრანცისკემ ვიზიტი არ გადადო, რადგან, მისი თქმით, ერაყელ ქრისტიანებს იმედებს მეორედ ვერ გაუცრუებს. მან იმედის პირველ გაცრუებაში იგულისხმა 1999 წელს პაპი იოანე პავლე II-ის ვიზიტის გაუქმება სადამ ჰუსეინის რეჟიმთან მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო. 1999 წლის შემდეგ ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო ქრისტიანთა რაოდენობა 1.4 მილიონიდან 250 000-მდე შემცირდა. 

 

კომენტარები