დავითგარეჯის საქმე

სახალხო დამცველმა დავითგარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველმა დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ეს დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომს, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება. 

გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველი შეხვდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებს. 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი ორ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: 

შესაბამისობაშია, თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (საქმე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარესა და ბოროტი განზრახვის ელემენტებთან); 

სახქმე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასთან (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას. 

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი დაწვრილებით მიმოიხილავს, თუ რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. 

ამასთან, სახალხო დამცველის ცნობით, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ. ომბუდსმენმა იხელმძღვანელმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ტესტით, რათა შეეფასებინა, ხომ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის დროს არასამართლებრივი, აკრძალული (პოლიტიკური ან სხვა) მოტივი. 

ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შეაფასა ორი საკითხი: 

არსებობდა, თუ არა საქმეში პოლიტიკური ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი;

უპირატესი იყო, თუ არა პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით. 

"ამ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა". 

სახალხო დამცველის ამ მოსაზრებას დოკუმენტში ამყარებს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ. 

სახალხო დამცველის მოსაზრებით, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. 

"დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ვარგისიანობა დადგენილი არ იყო და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა. 

ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება". – წერია მოსაზრებაში. 

სახალხო დამცველის აპარატი იმედს იტოვებს, რომ საქალაქო სასამართლო "ჯეროვნად და დეტალურად" იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე.

სახალხო დამცველის გარდა საქმეს დართული აქვს საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც, რომლის წაკითხვაც შეგიძლიათ აქ. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

კომენტარები