დავითგარეჯის საქმე

დავითგარეჯის საქმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩო – სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა, Gnomon Wise-მა სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრება დაწერა. 

მოსაზრებაში გამოკვლეულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და საერთაშორისო-სამართლებრივი ჩარჩო და საბჭოთა კონსტიტუციური მემკვიდრეობა ამ სფეროში. 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების დასკვნაში წერია, რომ "საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია დაადგინა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საზღვრებში. საქართველოს საერთაშორისო აღიარებაც განხორციელდა იმავე საზღვრებში. ამ კონსტიტუციური ნორმით საქართველომ აღიარა სსრკ-ს შემადგენლობაში საქართველოს სსრ უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მიერ სსრკ-ს სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან შეთანხმებული და სსრკ-ს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრები. 

სსრკ-ს შემადგენლობაში საქართველოს სსრ სარგებლობდა შეზღუდული სუვერენიტეტით და არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. საქართველოს სსრ როგორც სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკა საკუთარ საზღვრებს სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან ადგენდა ამ რესპუბლიკებთან ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს სსრ უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრების დადგენა იწვევდა მათ შეცვლას აუცილებელი იყო აღნიშნული შეთანხმების დამტკიცება სსრკ-ს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მიერ". 

მოსაზრების თანაავტორის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით ზედელაშვილის თქმით, ეს სამართლებრივი მოცემულობა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში დაყრდნობოდა საბჭოთა სამართლებრივ მემკვიდრეობას. 

"შესაბამისად, საქართველოს და აზერბაიჯანს არ ჰქონდათ სამართლებრივი გზა, მოლაპარაკებები დაეწყოთ "ცარიელ დაფაზე" (tabula rasa) პრინციპით და არ გაეთვალისწინებინათ საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობა". – თქვა დავით ზედელაშვილმა მოსაზრების პრეზენტაციაზე. 

მოსაზრების კიდევ ერთი ავტორის, თამარ ქეცბაიას თქმით, 1996 წლის 13 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში 1938 წელს მხარეების მიერ ორმხრივად შეთანხმებული სადელიმიტაციო ხაზის საბაზისოდ მიჩნევა სრულად შეესაბამება როგორც 1995 წლის კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სამართალსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 

თავად წერილობით მოსაზრებაში დამატებით წერია, რომ "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მიერ საბაზისო სადელიმიტაციო ხაზად 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებული დოკუმენტით განსაზღვრული ხაზის აღება ეფუძნება მკაფიო და დამაჯერებელ სამართლებრივ არგუმენტაციას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

... მოკავშირე რესპუბლიკები საკუთარი უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მეშვეობით იღებდნენ გადაწყვეტილებას სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან  საზღვრების დადგენის შესახებ. როდესაც საზღვრების დადგენა იწვევდა ტერიტორიულ ცვლილებებს აუცილებელი იყო ორმხრივად მიღწეული გადაწყვეტილების დამატებითი დამოწმება სსრკ-ს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მიერ.

საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის საზღვრის დადგენის შესახებ ბოლო ორმხრივი შეთანხმება, რომელიც დამტკიცდა ორივე მხარის უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოს (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი) მიერ თარიღდება 1938 წლით. 1938 წლის 5-7 მარტს შედგა რესპუბლიკათაშორისი თათბირი, რომლის ოქმიც მოიცავდა რესპუბლიკებს შორის საზღვრის დადგენის შეთანხმებას და შესაბამის  რუკას. აღნიშნული თათბირის ოქმი და თანდართული  რუკა საქართველოს სსრ-ს ცაკ-ის პრეზიდიუმმა დაამტკიცა 1938 წლის 23 მარტს.იგივე გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანის სსრ ცაკ-ის პრეზიდიუმმა 1938 წლის 5 მაისს.

ამრიგად, 1938 წლის შეთანხმება სრულად შეესაბამება საბჭოთა კონსტიტუციური კანონიერების სტანდარტს და საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მიერ არ არსებობდა მასში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, საქართველომ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა საკუთარი შეთანხმებით სცნეს 1938 წლის ოქმის ვალიდურობა და მასში გადმოცემული სამართლებრივი რაციონალი და მის საფუძველზე გავლებული სადელიმიტაციო ხაზი აიღეს საბაზისოდ მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის.

მხარეების მიერ აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს ორმხრივი აღიარება ქმნის საფუძველს 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ოქმისათვის თანდართულ 1:500 000 მასშტაბის  რუკაზე დატანილი სადელიმიტაციო ხაზის აღებისა საბაზო სადელიმიტაციო ხაზად. მხარეები იტოვებენ უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, რაც ნაგულისხმევად მოიცავს სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობასაც, სხვა კარტოგრაფიული მასალის გამოყენების უფლებასაც. თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს ორმხრივი შეთანხმებით და უნდა ეფუძნებოდეს იმ საბაზო სადელიმიტაციო ხაზს, რომელიც 1938 წლის ოქმითაა განსაზღვრული". 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

კომენტარები