დავითგარეჯის საქმე

მინდა, ამ საქმეს წერტილი დაესვას – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

დავითგარეჯის საქმე

მინდა, ამ საქმეს წერტილი დაესვას – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

"საზიზღრობა" – პირველად სწორედ ეს სიტყვა მოსდის თავში ივერი მელაშვილს, როცა სთხოვენ, გაიხსენოს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რას ედავებოდა პროკურატურა მასა და ნატალია ილიჩოვას – "ჩემთვის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება ისეთივე ბრალდების ტოლფასია, როგორც დედის გაუპატიურებაში დადანაშაულება".

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და ამავე ჯგუფის წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისინი სინდისის პატიმრებად აღიარეს

იმ მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, რომელსაც ხელისუფლება თავისი სამთავრობო მედიის გამოყენებით მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ აწარმოებს, ალბათ, ცოტას თუ ეცოდინება, რომ კომისიის წევრების ბრალში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი საერთოდ არ ფიგურირებს. სინამდვილეში ბრალი საზღვრის უკვე შეთანხმებულ ნაწილებს ეხება. დავითგარეჯის მონაკვეთი კი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის იმ ⅓-მდე ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც მხარეებს ჯერ არ შეუთანხმებიათ და მოლაპარაკებების საგანია.

4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად 20-20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოსთვის საჭირო სრული თანხა საქართველოს მოქალაქეებმა სპეციალურ ანგარიშზე ზუსტად 2 საათში შეაგროვეს.

რას ედავებიან, რას ფიქრობს ამ ბრალზე, რატომ არ გამოიყენა 1:200 000-იანი რუკა და რას ელოდება საქმის არსებითი განხილვისგან – ამ და სხვა კითხვებზე ივერი მელაშვილი ტაბულას ვრცლად ესაუბრა.

ფოტო გადაღებულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფოტოს ავტორი: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ბატონო ივერი, რაში გდებენ ბრალს? რა საფუძვლები აქვს თქვენ მიმართ წაყენებულ ბრალდებას?

ბრალდება, რაც წაყენებული გვაქვს, მიუღებელი და უსაზიზღრესია. ბრალს გვდებენ იმაში, რომ, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესთან მოხდა გარკვეული მონაკვეთების შეთანხმება (შეთანხმებულია ტერიტორიის დაახლოებით 66%), ეს შეთანხმება შედგა საქართველოს საწინააღმდეგოდ და რომ, სინამდვილეში, საქართველოს ფარგლებში არსებული ტერიტორია, დაახლოებით 35 კვ. კილომეტრი ამ ჩვენი "არაკვალიფიციური", თუ "ძირგამომთხრელი" მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. ესაა ბრალი.

ამ ბრალს საფუძვლად დაუდეს უკვე ყბადაღებული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, თითქოს, ამ რუკის ფარგლებში საქართველოს სივრცეში იყო მოქცეული რაღაც ტერიტორიები, რომელიც შეთანხმების შედეგად აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რუკას თავი რომც დავანებოთ, იმის დამადასტურებელი, რასაც პროკურატურა გვედავება, არაფერი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რაღაც მონაკვეთები საბჭოთა პერიოდში ან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რაიმე ფორმით იყო საქართველოს საზღვრებში – არც დოკუმენტური მასალა, მაგალითად, დადგენილებები, არც მიწათსარგებლობის რუკები, რომ აი, ან ვინმე იყენებდა ამ მიწებს ჩვენი მხრიდან საძოვრად, სახნავად თუ სათესად. არ არსებობს ასევე არც კარტოგრაფიული, თუ ნებისმიერი სხვა სახის მასალა. ბრალდების ერთადერთ საფუძვლად აქვთ ეს 1:200 000 მასშტაბის რუკა.

მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა რუკის ვარგისიანობის ექსპერტიზა კი არ დანიშნეს, არამედ სპეციალისტებს დაავალეს, დაედგინათ, რას მოიგებდა საქართველო ამ რუკით. დაავალეს, რომ აეღოთ ამ რუკიდან მხოლოდ საზღვრის ხაზი, ამ სხვაობაზე დაედოთ მეორე რუკის საზღვრის ხაზი და დაეთვალათ მათ შორის არსებული სხვაობის ფართობი.

ხომ არ შეიძლება, რომ რუკის სხვა ელემენტები უვარგისი იყოს და იქიდან მხოლოდ ერთი ელემენტი ამოიღო, ამ შემთხვევაში – საზღვრის ხაზი. ასე არაა. ასეთი მიდგომა არაპროფესიონალური და დილეტანტურია, თუმცა, ასეთი დავალება ჰქონდათ ექსპერტებს და მათაც ასე გააკეთეს, გამოთვალეს, რომ თითქოს, რაღაც 35 კვადრატული კილომეტრი დაგვიკარგავს, რაც აბსურდია. ეს არის თეთრ ნაჭერზე შავი ძაფით ნაკერი. ძალიან ცალსახად ჩანს, რომ ტყუილი ბრალდებაა.

ამ რუკაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებთ. ახლა, თუ შეგიძლიათ, განგვიმარტ, რა ფუნქცია აქვს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მთავრობათაშორის კომისიას. როგორ მუშაობს კომისია და რა გავლენას ახდენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მხარეები საერთაშორისო ხელშეკრულებით აფორმებენ.

ფოტო გადაღებულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფოტოს ავტორი: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

კომისიები შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა დადგა იმის საჭიროება და აუცილებლობა, რომ გავლებულიყო საზღვრები არა საბჭოთა რესპუბლიკებს, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ეს არა მხოლოდ ჩვენსა და აზერბაიჯანს შორისაა ასე, სხვა სახელმწიფოებს შორისაც არსებობს ანალოგიური კომისიები.

შესაბამისად, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ შექმნილიყო კომისიები, ცალკე ჩვენი, ცალკე მათი და ამ კომისიების დონეზე განხილულიყო საზღვრები, მიგვეღწია წინასწარი შეთანხმებისთვის კომისიების დონეზე.

მას შემდეგ, რაც კომისიები რუკებზე საზღვრებსა და აღწერილობებს შეადგენენ, რასაც ეწოდება დელიმიტაცია, უკვე პროცედურულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იდება შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან. ეს ცალკე შეთანხმებაა, რის შემდეგაც ხდება შეთანხმების რატიფიცირება პარლამენტის მიერ. ჩვენი კანონმდებლობით ასეა. პროცედურა საკმაოდ შრომატევადია. სადელიმიტაციო კომისიები და მათ შორის შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი ეტაპია.

რატომ არის მნიშვნელოვანი დელიმიტაციის მოლაპარაკებებში სადელიმიტაციო ხაზის საბაზისო ხაზად არჩევა? და ასევე, რომელი სადელიმიტაციო ხაზი აირჩიეს საბაზისო ხაზად საქართველომ და აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების დასაწყისში? რა საფუძვლით?

გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ეს ყველაფერი, კონსტიტუციაში ჩვენც და აზერბაიჯანსაც გვიწერია, რომ სსრკ- შემადგენლობიდან ცალკე სახელმწიფოები გამოვედით იმ სამართლებრივ საზღვრებში, რომელშიც ვიყავით, როგორც საბჭოთა რესპუბლიკა.

აზერბაიჯანულ მხარესთან, თუ არ ვცდები, მესამე შეხვედრაზე, 1996 წელს მივაღწიეთ შეთანხმებას სამართლებრივ საფუძველზე – ანუ რა უნდა აგვეღო ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივ საფუძვლად: რა მასალა, რა რუკა, რა დადგენილება და .. მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამართლებრივ საფუძვლად საზღვრის დელიმიტაციისათვის მხარეებმა უნდა ისარგებლონ 1938 წელს დამტკიცებული ხაზით.

1996 წლის 13 ივნისს მიღებული ოქმი რას ითვალისწინებდა სხვა რუკებისა და კარტოგრაფიული მასალების გამოყენების თვალსაზრისით?

ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ ამავდროულად, მხარეები საჭიროებისდა მიხედვით, ისარგებლებენ სხვა მასალებითაც. 1938 წლის ეს საზღვარი, რომელიც ავიღეთ ჩვენ და აზერბაიჯანმა, დამტკიცებულია 1:500 000-იანი მასშტაბის რუკაზე. ეს არის წვრილმასშტაბიანი რუკა, ტექნიკური თვალსაზრისით მისი გამოყენება პრობლემებთანაა დაკავშირებული, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება, ზუსტი ვერ იყოს, ზუსტად ვერ განისაზღვრება ამ მასშტაბის რუკაზე და, შესაბამისად, ამიტომაც მივუთითეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მხარეები ისარგებლებდნენ სხვა რუკებითაც. ეს არის თავი და თავი, რასაც ჰქვია სამართლებრივი საწყისი.

ამას გარდა, ჩვენ, მხარეებს, მოპოვებული გვქონდა აურაცხელი საარქივო მასალები. დიდი სამუშაო გავწიეთ იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია შეგვედგინა. მხარეებმა მოვილაპარაკეთ, რომ შეგვექმნა ალბომები 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე. აუცილებელი იყო, რომ მხარეებს იდენტურ რუკებზე შეედგინათ ალბომები. ეს მიღებული ფორმაა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, სხვა ქვეყნებიც ასევე იქცევიან. საწყის ეტაპზე იქმნება ალბომები, მერე ეს ალბომები იცვლება და მიმდინარეობს მუშაობა. სადაც არ არის სხვაობა, იქ უფრო მარტივად ხდება შეთანხმება, სადაც არსებობს განსხვავებები, იქ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაოები ტარდება.

იმ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკაზე, რომლის დამალვასა და არგამოყენებასაც თქვენ გედავებიან, სადელიმიტაციო ხაზი ემთხვევა თუ არა იმ სადელიმიტაციო ხაზს, რომელიც შეთანხმდა 1996 წელს საბაზისოდ? შეიძლებოდა, თუ არა, რომ ეს რუკა კომისიას გამოეყენებინა მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით?

თვითონ რუკა, როგორც ასეთი, ცალკე წონადი არ არის ამ პროცესში. რუკა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ან სამართლებრივ ბაზას, ან მიწათსარგებლობის დოკუმენტს. ყველა რუკა, რომელსაც იყენებ სამუშაოდ, უნდა იყოს შედარებული სხვა მასალასთან. ეს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა ან 90-იანი წლების ბოლოს, ან 2000 წელს, მოიძია ქართულმა მხარემ. კერძო პირს ჰქონდა ხელზე, რადგან საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ასეთი კანონი, რუკის ყოველი ახალი გამოცემის შემდეგ, ძველ რუკას ანადგურებდნენ ხოლმე. შესაბამისად, არქივში უნდა ეძებო და ხშირად ხდება, რომ იქაც არ არის. ამჯერად რუკა  ამ კერძო პირის ხელთ აღმოჩნდა. ეს რუკა მოიძიეს სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა, მათ შორის პირადად ნატალია ილიჩოვამ.

ფოტო გადაღებულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფოტოს ავტორი: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

რა თქმა უნდაგიხარია, თუ რამეს შენს სასარგებლოს ან შენი არგუმენტის გასაძლიერებელს ნახავ. შესაბამისად, დიდი აღფრთოვანებით შევხვდით ამ აღმოჩენასაც. მერე დავიწყეთ ამ რუკის ანალიზი, რათა გვენახა, რამდენად თავსებადი და გამოყენებადია. ჩვენდა სამწუხაროდ, როდესაც ჩავატარეთ ამ რუკის ანალიზი, შევადარეთ სხვა იმავე მასშტაბის რუკას, დავინახეთ დიდი სხვაობები. ერთია, რომ საზღვრის ხაზთან მიმართებით არსებობს სხვაობები და, გასაგებია, შეიძლება იქ იმსჯელო რამეზე, მაგრამ, ამას გარდა, ვნახეთ, რომ რუკის სხვა ელემენტები, იქნებოდა ეს ჰიდროგრაფია, გეოდეზიური წერტილები, ქედი, ხიდი, თუ გზისა და არხის კვეთა, არ ემთხვეოდა. სხვაობა იყო ზოგან 300 მეტრი, ზოგან 400 და 500 მეტრი, ზოგან მეტიც. ვნახეთ, რომ ერთ მონაკვეთს რომ შეადარო ეს რუკა, სხვა მონაკვეთები "მიფრინავს" და არაფერი არ დარდება.

აქედან გამომდინარე, ეს რუკა არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და არგუმენტად არ გამოდგებოდა. არ ედრება არც სხვა რუკას, არც დოკუმენტურ მასალას, საზღვრის აღწერას, არც მიწათსარგებლობას. ეს რუკა ბერთუბნის პრობლემასაც ვერ ხსნის.

თქვენი პროფესიული შეფასებით, ეს რუკა გამოუსადეგარი იყო, მაგრამ ეს რომ გვერდით გადავდოთ, მასზე რამდენად გადიოდა სადელიმიტაციო ხაზი საქართველოს სასარგებლოდ – არა მხოლოდ დავითგარეჯის კომპლექსის, არამედ აზერბაიჯანთან საზღვრის მთელ მონაკვეთზე?

საქმეც ესაა. როდესაც შენ მეორე მხარეს არგუმენტად რაღაცას უდებ, ის უნდა იყოს საფუძვლიანი, რამეს უნდა ემყარებოდეს. სხვაგვარად როგორ გინდა, რომ მეორე მხარე დაარწმუნო და დააჯერო ტყუილში? მეორე მხარესაც პროფესიონალები სხედან.

ასეთი უსაფუძვლო მასალა იგივეა, რაც გქონდეს ყალბი ფული, მაგალითად, 100-ლარიანი, ზედ შოთა რუსთაველით, თავისი ქუდით, პროპორციებით, წარწერებით და იმდენად თვალშისაცემი სიყალბე იყოს, რომ არც პროპორცია ემთხვეოდეს, არც ქუდის ფორმა, 100-იანი 100-იანს არ ემთხვეოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ ზედ პროპორციები არ ემთხვევა, გადმოტრიალებისას დაინახო, რომ კვადრატულ ქაღალდზეა დაწერილი, დაახლოებით, ასეთი რამეა.

შენ თუ ამ სიყალბეს წარუდგენ დასასაბუთებლად მეორე მხარეს, ეს შენ ვერაფერს მოგცემს, გარდა იმისა, რომ შეიძლება პროცესი გაიწელოს დროში და შედეგი იქნება ის, რომ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ დოკუმენტაციის ფაბრიკაციაში.

ასეთი ადამიანებიც არიან. ამბობენ, მერე რა, რომ თქვენ იცოდით, რომ ტყუილი იყო, მაინც რატომ არ მიაწექით? წარმოიდგინეთ, ყალბი 100-ლარიანით რომ მიხვიდეთ ბანკში და რაღაცის გადახდა მოითხოვოთ, რას მოიგებთ?

თან ცუდი რა არის ამაში. ამ რუკის გარკვეული ფურცლები გამოცემულია 1936 ან 1937 წელს, იქ მოქმედებს 1929 წლის დადგენილების სამართლებრივი ველი. ანუ როდესაც მხარესთან ხარ შეთანხმებული, რომ სარგებლობთ 1938 წლის საზღვრით, ამ რუკის მიტანით, ძალაუნებურად იმ მხარეს უბიძგებ, რომ გითხრას, კარგი, შემოდი 1929 წლის სამართლებრივ ველში და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. მოდი, ვთქვათ, რამდენად გვაწყობს ეს ჩვენ?

თქვენ თავს მიიჩნევთ უდანაშაულოდ. ასეთია თქვენი სამართლებრივი და საჯარო პოზიცია. თქვენი აზრით, რა ამოძრავებდა ხელისუფლებას, როდესაც თქვენი და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ ბრალდებას ამზადებდა?

ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ? იწყება ექსპერტიდან. გადავეღობე, ალბათ, რაღაცას. მე მგონია, რომ ამ კამპანიის მიზანი იყო წინა ხელისუფლების გაშავება, მეტი არაფერი და ვიღაც ხომ უნდა იყოს ბრალეული ამ ამბავში? პროკურატურას უწერია, რომ დავალების შესაბამისად ვმოქმედებდი. ერთი ის, რომ უვიცობით ან მოღალატეობრივი გრძნობით გავაკეთე ეს და პლუს ამას, თურმე, ვიღაცის დავალებასაც ვასრულებდი.

ჯერ საქმე გახმაურებულიც კი არ იყო, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს. იქ მისულს მთელი დეპარტამენტი დამხვდა. მათ ბევრი რამ იცოდნენ, თუნდაც იმის შესახებ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შეისწავლა ეს საკითხი – იყვნენ ჩვენთან მოსულები ღარიბაშვილის დავალებით. თემა შესწავლილი ჰქონდათ. ყველაფერზე დეტალურად გავეცი პასუხი, ავუხსენი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გაიგეს. აქედან გამომდინარე, გამოვიტანე დასკვნა, რომ ალბათ, დავალება აქვთ რაღაც. ეს ყველაფერი გამიმყარა იმან, რომ წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი განცხადება გააკეთა, რითიც დააგვირგვინა ყველაფერი. რომ თურმე, ყველაფერი კარგად სცოდნია, საქმის კურსშია, რუკებზე და ხიდაშელზე ლაპარაკობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან მოდიოდა ეს თემა.

ახლა რას ელოდებით?

ფოტო გადაღებულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფოტოს ავტორი: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ერთი ისაა, რომ მინდა, წერტილი დაესვას ამ საქმეს. მინდა, რომ გაირკვეს ბოლომდე მტყუანი და მართალი. როდესაც წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯეს, ამის მიზანი თითქოს ის იყო, არ გავქცეულიყავით ქვეყნიდან და არ დავმალულიყავით. მოსამართლესაც ვუთხარი, ახლაც გავიმეორებ, ძალიან რომ მეხვეწოს ვინმე, არ გავიქცევი, იმიტომ, რომ ამისთანა სიბინძურით, ამისთანა ბრალდებით მე ვერ ვივლი. მინდა, რომ ეს პროცესი დასრულდეს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ გავმართლდები. ამაში ჩვენი ადვოკატებიც მარწმუნებენ და ძალას კიდევ საზოგადოების საღი ნაწილი მაძლევს.

ინტერვიუს ბოლოს რამის დამატება ხომ არ გსურთ?

მე მგონია, რომ კარგად ვერ გამიგეს მაშინ. ახლაც მიდის ამაზე პრესაში დისკუსია, რომ აი, მელაშვილს მიაჩნია, რომ დავითგარეჯა არ არის ჩვენი. დავითგარეჯა რომ ჩვენია და კულტურული, ისტორიული, სულიერი, რელიგიური კუთხით რომ ჩვენი შემადგენელი ნაწილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაპატიეთ, მაგრამ პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ეს მე არ მესწავლება მათგან განსხვავებით, ვისაც იმდენად ღრმად არ აქვს შესწავლილი, რამდენადაც მე. აქ, უბრალოდ, ერთი რამაა. როდესაც გინდა რაღაცის მიღწევა და როდესაც მოლაპარაკებების გზით მიდიხარ, ეს საქმე ძალიან მშვიდად უნდა გააკეთო.

მე გავილაშქრე მათ წინააღმდეგ, ვინც ძალიან ხშირად გამოდის და ასე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და არაერთი შემთხვევა გვაქვს ასეთი, როდესაც ასეთმა ხმამაღალმა განცხადებებმა ხელი შეუშალა ამ პროცესს. იცით, რაშია საქმე? შენ ამით საბაბს აძლევ მეორე მხარეს, რომ გითხრას უარი. იმიტომ, რომ შენ როდესაც აკეთებ ასეთ ხმამაღალ განცხადებას და მუშაობ თითქოს შენს ელექტორატზე, მუშაობ შენს პიარზე, მეორე მხარესაც ჰყავს ელექტორატი. ის ერთ ამბავს ტეხს უკვე. პრაქტიკულად, თუ რამე მიღწევადი იყო, ეს ყველაფერი მიუღწევადი ხდება.

ქვეყნის ინტერესებს ვნებ, როდესაც ამ თემას საერთოდ წევ და ამბობ, რომ რაღაც რუკა გაქვს და ამის მიხედვით, პრეტენზიას უცხადებ მეორე მხარეს. ორი რამაა, ერთია წინასაარჩევნოდ რაც გააკეთეს, მაგრამ მეორეა, რომ პარტნიორთან იფუჭებენ ურთიერთობას. როგორ უნდათ, რომ ამის მერე მოლაპარაკებაზე დასხდნენ და ელაპარაკონ ერთმანეთს. ხომ იტყვიან ისინი, პრეტენზია გაქვთ? კი ბატონო, განაცხადეთ მაშინ, მოდით, ვიმსჯელოთ.

დავითგარეჯის თემა ჩემთვის ისეთივე, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი მტკივნეულია, ვიდრე მათთვის, ვინც ასეთ აჟიტირებულ განცხადებებს აკეთებს

კომენტარები