ნამახვანჰესი

დავითაშვილი ნამახვანჰესზე: ვითომ ექსპერტები მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მათ შორის, ნამახვანჰესზე, ქვეყნდება ვებგვერდზე და ინფორმაცია საჯაროა, "ვითომ ექსპერტები" კი ცდილობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გარკვეული ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ. 

"გულისტკივილით მინდა ვთქვა, როდესაც იყო საუბარი ამ მიმართულებებზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ საჯარო არ იყოო და გამჭვირვალე არ არის პროცესიო, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, როდესაც ყველამ იცით, რომ ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი, უბრალოდ, არ იმართება.

ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ოპონირებენ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ვითომ ექსპერტები, მათ ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები, შეიძლება რიგითმა მოქალაქემ არ იცოდეს, მაგრამ ისინი დაინტერესებულნი არიან და არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან ჩვენ გვიჩივიან, ან დავაში და ოპონირების რეჟიმში არიან და ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ. 

მეორე ვითომ არგუმენტი არის ის, რომ ეს კვლევები არ არის საკმარისი, ან არ არის სრული და ა.შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ამბობენ, რომ მასალა მათ არ უნახავთ, მაშინ როგორ აფასებენ კვლევებს? თავის თავს ეწინააღმდეგებიან ხშირად". - ამბობს დავითაშვილი.

დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაავალა, ადგილზე ჩავიდნენ და ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხონ. 

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამდე, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს. 

კომენტარები