ნამახვანჰესი

ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობის კითხვებს მინისტრების მხრიდანაც უნდა გაეცეს პასუხი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაავალა, ადგილზე ჩავიდნენ და ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხონ. 

"კითხვები, ბუნებრივია, არსებობს და, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. 

ამიტომ, მე მინდა, ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად ესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი". - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა, ნამახვანჰესის საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს. 

"მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა  არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი". - ამბობს ღარიბაშვილი.


100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშeნებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამდე, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს. 

კომენტარები