ალექსეი ნავალნის საქმე

მოსკოვის სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა, პატიმრობის ვადა კი 50 დღით შეუმცირა

ალექსეი ნავალნი
Reuters

20 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა. ნავალნის თქმით, მისთვის პატიმრობის მისჯა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. 

მოსკოვის სასამართლომ თავდაპირველი პატიმრობის ვადა მას 50 დღით შეუმცირა. 

2 თებერვალს პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე. 

ნავალნი გადაწყვეტილებას ხუმრობით გამოეხმაურა - "მათ სასჯელი 1.5 თვით შეამცირეს. დიდებულია!"

"ჩვენი ქვეყანა უსამართლობაზეა აგებული. თუმცა, ათეულობით მილიონ ადამიანს სიმართლე უნდა. და ადრე თუ გვიან, ისინი ამას მიიღებენ!" - თქვა მან.

20 თებერვალს ნავალნი კიდევ უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთ საქმის სასამართლო პროცესის გაგრძელებაზე. მას ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრალდების გამო პროკურორები მისთვის 12 800 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაწესებას ითხოვენ. 


2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და შესაბამისად "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. 2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონნერი, ალექსეი ნავალნი. 

რუსეთი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნავალნის გათავისუფლებას არ აპირებს. 16 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემის მუშაობაში უსაფუძვლო, აშკარა ჩარევა და "წითელი ხაზის გადაკვეთა". 

კომენტარები