ალექსეი ნავალნის საქმე

ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი გრძელდება

ალექსეი ნავალნი
The Telegraph

12 თებრვალს გაგრძელდა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთ საქმის სასამართლო პროცესი, რომელიც 5 თებერვალს დაიწყო

ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა.

გამოძიების ცნობით, ზაფხულში ვეტერანმა ვიდეოში დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

ნავალნიმ ეს ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და მასში მონაწილე ვეტერანებს "ქვეყნის სირცხვილი", "უსინდისო ადამიანები" და "მოღალატეები" უწოდა. ცილისწამების საქმის გამოკვლევა ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ გერმანიაში გადაყვანის გამო შეჩერდა.

ეს ქმედება რუსეთში ორი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა ნავალნის ადვოკატები ამბობენ, რომ მან განცხადება კანონის შეცვლამდე გააკეთა, როდესაც ქმედება პატიმრობით არ ისჯებოდა. ცნობილი არ არის, მოსამართლე იზიარებს თუ არა ამ მოსაზრებას. თავად ნავალნი აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ მიმართული კრემლის კამპანიის ნაწილია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მაქსიმუმ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

სასამართლოს შენობაში და მის გარეთ სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. 

პარალელურად, ნავალნის დაპატიმრების შემდეგ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უარესდება. სანქციების დაწესების ალბათობაზე საუბარი მას შემდეგ  გააქტიურდა, რაც მოსკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ევროკავშირთან კავშირი გაწყვიტოს, თუ ის მას მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები