ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთი ECHR-ის გადაწყვეტილების საფუძველზე ნავალნის გათავისუფლებას არ აპირებს

ალექსეი ნავალნი
The Telegraph

რუსეთი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნავალნის გათავისუფლებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემის მუშაობაში უსაფუძვლო, აშკარა ჩარევა და "წითელი ხაზის გადაკვეთა". 

"საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან, ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება შესრულდეს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი. 

"ამ გადაწყვეტილების მიღებისას პალატამ გაითვალისწინა განმცხადებლის სიცოცხლისათვის საშიშროების ხასიათი და ზომა, აჩვენა პრიმა ფასიე დროებითი ზომის გამოყენების მიზნით და განმცხადებლის ამჟამინდელი პატიმრობის საერთო გარემოებების გათვალისწინებით". - წერია დოკუმენტში. 

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და შესაბამისად "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

კომენტარები